LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთესი და უსაფრთხო გზები: საქართველო საგზაო უსაფრთხოების კამპანიას იწყებს

123
road safety

ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის, EIB-ის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო მასშტაბური ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია – „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის”.

საქართველოში სიკვდილიანობის და სხეულის დაზიანების შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ავტოსაგზაო ინციდენტებს უკავშირდება. არსებული სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ზოლიდან ზოლში არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა 15 222 და დაიღუპა 879 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი.

„ჩვენ მეტად უსაფრთხო და უკეთეს გზებს ვქმნით საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან – ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ, შეუძლია შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. ყოველწლიურად, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის მეტად უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

„საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოში ოპერირება დაიწყო. ამ მიზნის მისაღწევად ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის საგზაო პროექტის მშენებლობასა და განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოსთვის ევროკავშირისგან გამოიყო დაფინანსება 1 მილიარდი ევროს ოდენობით და ამასთან ერთად, 40 მილიონ ევრომდე გრანტის სახით გადაეცა”, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის საგზაო ქსელი განვითარდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც. საერთაშორისო პროექტებში ჩვენ მიერ გათვალისწინებული უსაფრთხოების კომპონენტები, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების თვალსაზრისით”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კობა გაბუნიამ.

“საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება. 2022 წელს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საქართველოში გავაუმჯობესოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება”, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

კამპანია, რომლის სლოგანია: “არ გაიმეორო შეცდომა”, ავტოსაგზაო შემთხვევების კონკრეტულ ასპექტებზე გაამახვილებს ყურადღებას და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობაზე. კამპანია ფოკუსირებულია იმ ადამიანების რეალურ ისტორიებზე, რომლებიც თავად დაზარალდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. კამპანიის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების მესიჯების შემცველი ბილბორდები გამოჩნდება საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ხაშური, ზესტაფონი, ბათუმი). სატელევიზიო, ონლაინ და სოციალური მედიის საინფორმაციო არხების საშუალებით გავრცელდება საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომზადებული სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო მასალები. კამპანიის მიზანია საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობისა და რისკების შესახებ.

საგზაო უსაფრთხოების კამპანია მიმდინარეობს ევროკავშირისა და მისი ბანკის, EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების (GTC) პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოსა და ევროპის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, ავტოსაგზაო ქსელების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები