LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის ერთი პირი დააკავეს

57
1

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყალის კალაპოტში, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა 95 228.10 მ3 სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში).

აღნიშნული უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, თითთქოსდა ქვიშა-ხრეში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიებისგან, სხვადასხვა ადგილზე, რითიც შენიღბა უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის წარმომავლობა და ნამდვილი ბუნება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 95 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.