საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 1/64-ფინალში ამერიკელ სემ კუერისთან 4:6, 6:4, 3:6, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ჩვენებურმა ბოლოს 4:5-ზე დათმო თავისი მოწოდება და ისე წააგო. მეორე სეტში კი პირიქით მოხდა – 24-ე ნომრად განთესილმა ამერიკელმა 4:5-ზე დაკარგა თავისი მოწოდება და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
ნიკას მეტოქის ჩაწოდებების აღება უჭირდა, რაზეც კუერის 32 ეისი მეტყველებს, ბასილაშვილს 6 ეისი ჰქონდა. ქართველ ჩოგბურთელს, მთელი შეხვედრის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც მეორე სეტში ბრეიკად აქცია და სეტიც მოიგო. კუერიმ კი 11 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა. უნებლიე შეცდომებიც ნიკას უფრო მეტი ჰქონდა – 30, კუერი – 16.
ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში კარლო ბერლოკი 6:4, 7:6, 6:1 დაამარცხა, რითაც 35 000 ფუნდი სტერლინგი და 45 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
უიმბლდონის ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა.