LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა: ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება

69
გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ემხიანება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელმაც მმართველ პარტიას ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრძოლის გამძაფრება და ქართული ოცნების დამარცხება დააანონსა.

როგორც უგულავა წერს, “მომავლისთვის ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი”.

„ორიოდე სიტყვა “შერიგებაზე”. ეს სიტყვა საერთოდ გაუგებარია. ჯერ ერთი, შერიგება ვერ იქნება კოლექტიური. მეორე, ვერავინ ვერავის ვერ აიძულებს შერიგებას. ასევე, უადგილო ფრაზაა მონანიება, მითუმეტეს, როცა ერთი მხარე, ხელისუფლება, როგორც ინკვიზიტორი “მოგიწოდებს”, სინამდვილეში გაიძულებს სინანულს, თან ის მხარე, რომელსაც თვალში “შენზე დიდი დირე აქვს”, რომელსაც არ იმჩნევს. მარტივად, სინანულის მომწოდებლად არც მე გამოვდგები, არც კობახიძე და არც საპატრიარქო.

მაშ რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით წარსულზე და დღევანდელობაზე, ამ წარსულის ისტორიული შეფასების დროც კი არ დამდგარა ჯერ, მითუმეტეს, აწმყოსი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავლისთვის, განვითარებისთვის!

მომავლისთვის კი ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს.

რატომ გვჭირდება ეს?

იმისთვის რომ მომდევნო მთავრობამ იგივე „კლანით“ არ ასამართლოს წინა მთავრობები, რასაც შედეგად არა სამართლიანობა, არამედ პოლიტიკურ პოლარიზაცია მოაქვს. ამით მივცემთ სასამართლოს ამოსუნთქვის და ფეხზე დადგომის შესაძლებლობას, ქვეყანას კი – მომავალზე ფოკუსირების.

ამნისტია არ გავალდებულებს ვინმე უდანაშაულოდ მიიჩნიო. ამნისტია აქტია, რომლითაც სახელმწიფო პრიოროტეტს საზღვრავს, რა გზით იაროს საზოგადოებამ.

დღეს ერთადერთი სწორი გზა სწორედ ფართო პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტია

მე ასე მესმის ეს პროცესი და ვფიქრობ, ამ თემაზე საგნობრივი მსჯელობის დროც მომწიფდა“, – წერს უგულავა.

კობახიძე: შერიგების საფუძველი სინანული და მონანიებაა, ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მეტიც, სააკაშვილი იმუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები