LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფრო მეტი გარდაცვლილი, ვიდრე დაბადებული – საგანგაშო დემოგრაფიული სტატისტიკა

უფრო მეტი გარდაცვლილი, ვიდრე დაბადებული, 10 000 ქორწინება და 5 000 განქორწინება – 2017 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკური მაჩვენებელი დამაიმედებელი  ნამდვილად არ არის.

დემოგრაფების ინფორმაციით, 2017 წელს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში პირველად გადააჭარბა სიკვდილიანობამ შობადობას და ქვეყანაში ბუნებრივი მატება საერთოდ არ დაფიქსირდა.

დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელის, თამარ ჩიბურდანიძის, განმარტებით, დემოგრაფიული ორმო ძირითადად ორმა მიზეზმა გამოიწვია – დემოგრაფიული თაობის ცვლამ და ემიგრაციამ.

“პრობლემა მომდევნო წლებში კიდევ გამძაფრდება და ამას 2 ძირითადი მიზეზი აქვს. დემოგრაფიული თაობის ცვლა და ემიგრაცია. 1990-იანი წლებიდან 2000 წლამდე გოგონების განახევრებული რაოდენობა დაიბადა,  ეს გოგონები სწორედ ახლა შედიან  რეპროდუქციულ ასაკში და მაშინდელი განახევრებული თაობა ახლა განახევრებულ შთამომავლობას გვაძლევს.

“მეორე მთავარი მიზეზი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ამის თანმდევი ემიგრაციაა. 12-წლიან პერიოდში  საქართველო რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა 800 ათასამდე ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა დატოვა.  უცხოეთსი სამუშაოდ წასულმა  თაობამ მძიმედ დაარტყა ქვეყნის შობადობას და დემოგრაფიას, – განმარტავს „ფორტუნასთან“ თამარ ჩიბურდანიძე.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში განსაკუთრებით შემცირდა პირველი შვილები, რასაც სპეციალისტები ქორწინების რიცხვის შემცირებას უკავშირებენ.

 

როდის თხოვდები?

„ნახევარი მილიონი გასათხოვარი ქალი – ეს საქართველოს მთავარი პრობლემაა,“ – ლევან ბერძენიშვილის ეს  მოსაზრება საზოგადოებაში ერთდროულად მხიარულების და კრიტიკის საფუძველი გახდა.  დაუოჯახებელ  ახლობლებზე ნათესავების წუხილისა და ცნობისმოყვარე მეზობლების ხუმრობის უკან საკმაოდ სერიოზული პრობლემა დგას.

დემოგრაფიული ფონდის მიერ  ჩატარებული კვლევის მიხედვით, განქორწინებულ ახალგაზრდები განქორწინების მთავარ მიზეზებად ძალადობას,  ურთიერთუპატივცემულობას და  ღალატს ასახელებენ. განქორწინების მიზეზებს შორის ბოლო ადგილს იკავებს სოციალური პრობლემები. განქორწინების ინოციატორები უმეტესწილად გოგონები არიან.

თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, განათლებით გამოწვეული საჭიროებებისა და განვითარების გამო გოგონები ნაკლებად პატიობენ ქმრებს, მაგალითად ღალატს,  რაც ადრე საქართველოში პრობლემად არ აღიქმებოდა.

ქორწინების შემცირება და განქორწინების მატება ბოლო 10 წლის  ტრადიციაა. ბოლო  ათწლეულის განმავლობაში განქორწინებულთა რაოდენობა, თითქმის, 5-ჯერ გაიზარდა. განქორწინებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს 2016 წელს მიაღწია – 25 101 წყვილმა გააწერა ოფიციალურად ხელი.

 

 

თამუნა გოგუაძე