თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს, რომელიც ისრაელში სამკურნალოდ გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ “ფორტუნას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ექიმები პატარა დათიკოს მდგომარეობას ოთხშაბათს შეაფასებენ და შესაბამისად, სწორედ, ამ დღეს იქნება ცნობილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი დეტალი.
ოჯახის ახლობლები მადლობას უხდიან მოქალაქეებს თანადგომისთვის და ამასთან, კვლავ სთხოვენ საზოგადოებას შეურთდნენ საერთო ლოცვას და ერთად სთხოვონ უფალს დათიკოს გადარჩენა.
შეგახსენებთ, მანამდე პატარა დათიკოს ოპერაცია მდგომარეობის გართულების გამო ვერ ჩაუტარდა.
8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.