LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო წყალი, 200 ლარიანი დახმარება 1 ჰექტარ მიწაზე და აგროდიზელი იაფად – მთავრობის შეთავაზება ფერმერებს

410
91342866-2942096355847315-3021224371332055040-o

„ქვეყანაში აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა”, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა იმ პროგრამების, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე არსებობს ფერმერების დასახმარებლად.

„პირველი, ვმუშაობთ ამ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად და მეორე – დამატებითი, სპეციალური ღონისძიებების მისაღებად, რომლებიც გამოიყურება შემდეგნაიარად: თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული აქვს მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. ეს ცხადია, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზე, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები.

გარდა ამისა, ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებას 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ სამომავლოდ აგროდიზელის ფასი გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე. ამასთან ერთად, ყველა ფერმერი საქართველოში სრულად განთავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 20 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სარწყავი სისტემის, ან სასათბურე მეურნეობის მოწყობა, მას სახელმწიფო დაეხმარება ფულის სახით, ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით. ეს იქნება გრანტი“, – განმარტა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრით სარგებლობა ფერმერებს 20 მაისიდან შეეძლებათ. ფერმერების დახმარების პროგრამისთვის 300 მლნ ლარია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები