LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო სკრინინგი: 14 მაისიდან კამპანია “ევრომელანომა” იწყება

698

კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია „ევრომელანომა“ გრძელდება.

წელს ღონისძიების ორგანიზატორები მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავენ, რის შემდეგაც მოქალაქეები, 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, უფასო სკრინინგით სარგებლობას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში შეძლებენ.

თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58.

„ევრომელანომის“ კამპანია საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მთავარი მიზანია:  საზოგადოების ინფორმირება, ასევე,  ექიმისთვის დროულად მიმართვის მოტივაციის ამაღლება, დერმატოლოგების და სხვა სპეციალობის ექიმების ცოდნის დონის გაღრმავება კანის სიმსივნესთან მიმართებაში და  ადრეულ სტადიებში დაავადების გამოვლენა.

2017 წლის ლოზუნგია: „კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავით მზის მავნე გამოსხივებისგან!“

მერიის ცნობით,მ სულ 2012-2016 წლებში ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევებით 4500-მდე პირმა ისარგებლა, შესაბამისად, გამოვლინდა  სამიზნე დაავადებები, მათ შორის,  მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციებიც.

სკრინინგს ყოველწლიურად წინ უსწრებს ფართო საინფორმაციო კამპანია, ექიმთა ტრეინინგები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები გაკეთდა ბრიუსელში, სათაო ოფისში, ასევე ქართული ჯგუფი მონაწილეობდა „ევრომელანომის“ საბჭოს წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრაში – კანის კიბოს აქტუალური საკითხების განსახილველად.

„ევრომელანომის“ კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში  ჩატარდა, საქართველო კი მას 2012 წლიდან შეუერთდა (www.euromelanoma.org/georgia/home-1). კამპანიაში საქართველოს ჩართვის ინიციატორი და სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“.  კამპანიის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები