დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის – „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მიიღო მონაწილეობა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2016-2017 წლებში განხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სტადიონები, რომელთა მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი, 2017 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ალექსანდერ ჩეფერინი პირველად ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა, სადაც სფფ-ის ხელმძღვანელებთან ერთად განხორციელებულ პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში უეფას პრეზიდენტმა “ახალ თბილისში” მდებარე სტადიონიც დაათვალიერა.
სტადიონი ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საერთაშორისო მატჩები ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ეს სტადიონი იქნება.