LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდუმაშვილი: დაიწყოს მოკვლევა პაპუაშვილისა და მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეთ

50
ზალიკო 778

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ეთიკის საბჭოს მიმართა, დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეთ.

„დღეს ყველამ კარგად ვნახეთ ის ძალადობა, რაც განხორციელდა სხდომათა დარბაზში ჩვენი დეპუტატებისადმი, განსაკუთრებით ეს შეეხო თინა ბოკუჩავას, რომელსაც ყველამ კარგად ვნახეთ „ქართული ოცნების“ დეპუტატები როგორ მიათრევდნენ, რათა პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიახლოებოდა. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაური პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომიდან გაიქცა, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო.

„გომელაური გაიქცა და მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო, რადგან ვახტანგ გომელაურს არანაირი მორალური და სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა პარლამენტის ტრიბუნასთან დგომის და მისი არგუმენტების გაჟღერების, იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა 5-6 ივლისს დაცვას თბილისის.

სწორედ მისი დამსახურებით 5-6 ივლისს თბილისი პრაქტიკულად ტერორისტების ქვეშ აღმოჩნდა, რომლებიც გაშმაგებული დასდევდნენ როგორც ჟურნალისტებს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ვახტანგ გომელაური მინიმუმ სახლში უნდა იჯდეს და განცხადება უნდა ჰქონდეს დაწერილი და ასევე გამოძიების კითხვებს პასუხობდეს, თუ რატომ მისცა რადიკალურ დაჯგუფებებს თბილისში თარეშის და ჟურნალისტებზე ასე გასწორების უფლება, მაგრამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალადობს, ძალადობს აბსოლიტურად ყველგან, ქუჩაში და პარლამენტშიც. დღეს კარგად ვნახეთ რა მოქმედებებიც ხდებოდა პარლამენტში.

ჩვენი აქცია, რომელიც იყო უბრალოდ მდუმარე აქცია, გამოვედით მდუმარედ და სურათები გვეჭირა ხელში, ამ დროს კი როგორ გამოვარდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ გადაფარებოდნენ ვახტანგ გომელაურს. მათ ეშინიათ იმ პროტესტის რაც დღეს ხალხშია და ასე მოუწევთ ყველგან სადაც მივლენ“, – განაცხადა უდუმაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები