LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ფაქტები: ბრიტანეთის მონარქი ჩარლზ მესამე

196
page

მართალია, ბრიტანეთის ახალი მონარქი მთელი 64 წელი და 44 დღე ელოდა სამეფო გვირგვინის მორგებას, რაც ერთგვარ რეკორდად იქცა, რადგან მის წინაპარს ედუარდ VII-ს მხოლოდ 60 წელი დასჭირდა ამავე ტიტულის მოსაპოვებლად, მაგრამ ჩარლზი არც მანამდე კარგავდა დროს უქმად და პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ემზადებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი მონარქიის წინამძღოლობისთვის.

* სკვოში პირად მდივანთან

ჩარლზი 1948 წლის 14 ნოემბერს დაიბადა ბუკინგემის სასახლეში. სანამ მთელი ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ს გულშემატკივრობდა და მოუთმენლად ელოდა მომავალი მონარქის დაბადებას, მანამდე მისი მამა, პრინც ფილიპი პირად მდივანთან ერთობოდა სკვოშის თამაშით.

* საეჭვო გატაცება

მცირეწლოვანი ჩარლზი ბებიას (დედა-დედოფალს ელისაბედ ბოუზ-ლაიონს) მიიჩნევდა საუკეთესო მეგობრად, რომელმაც ადრეული ასაკიდანვე შეაყვარა ბუნება და ხელოვნება, თუმცა, პატარა ჩარლის ბებიას კოსმეტიკით, განსაკუთრებით ტუჩის საცხით უფრო მოსწონდა თამაში.

* დიდი ყურები

მართალია, მგრძნობიარე და ასაკთან შედარებით ბევრად განვითარებული ჩარლი, რომელმაც თავად უინსტონ ჩერჩილიც კი აღაფრთოვანა, საოცრად კეთილი, ხელგაშლილი ბავშვი იყო და ძალიან უყვარდა კლასელებისთვის ტკბილეულის განაწილება, მაგრამ ხშირად იჩაგრებოდა თანატოლების მხრიდან, რომლებიც პატარა პრინცს დიდი ყურების გამო დასცინოდნენ. სხვათა შორის, გრაფ მაუნთბეტენის რჩევით მშობლებმა ქირურგიული მეთოდითაც კი სცადეს ჩარლის ყურების „შელამაზება“, თუმცა ოპერაციამ არ გაამართლა.

* დრაკულას შთამომავალი

სამეფო ტახტის მემკვიდრე ჩარლზი სამი წლის ასაკში გახდა, ბაბუის, გეორგ VI-ის გარდაცვალების და დედის, ელისაბედ II-ის დედოფლად კურთხევის შემდეგ. ამბობენ, თითქოს ბრიტანეთის მონარქი ცნობილი ვამპირის – დრაკულას პროტოტიპის – ვლად III ცეპეშის შორეული შთამომავალია, რადგან ელისაბედ II-ის ბებია ვლახეთის მმართველის შვილიშვილი იყო.

* განათლება და სამხედრო სამსახური

კემბრიჯის უნივერსიტეტში, რომელიც 1970 წელს დაამთავრა 2,2 ქულით, ჩარლზი არქეოლოგიასა და ანთროპოლოგიას სწავლობდა, მოგვიანებით აბერისტუიტის უნივერსიტეტში გაიარა ვალიური ენის სწრაფი კურსი, უკვე უიელსის პრინცის ტიტულით კი, სამეფო ფლოტში ჩაირიცხა და ვერტმფრენის პილოტის კვალიფიკაცია მიიღო, თუმცა 1994 წელს ჰებრიდის კუნძულებზე სამგზავრო თვითმფრინავის Queen’s Flight-ის კატასტროფის შემდეგ, უარი თქვა ვერტმფრენის მართვაზე.

* კონსერვატორი მონარქი

ძველმოდურ ჩარლზს ყველაფერი ტრადიციული მოსწონს და ნაკლებად იზიარებს სიახლეებით აღფრთოვანებას. სწორედ ამიტომ გამოუცხადა ომი ბრიტანეთის კულტურული მემკვიდრეობის თავგამოდებულმა დამცველმა კომპანიას Ahrends, Burton & Koralek-ს, რომელმაც ლონდონის პორტრეტების ნაციონალური გალერეის გაფართოება მოინდომა,  თუმცა ჩარლზის მკვახე განცხადების შემდეგ, უარი თქვა საკუთარ ინიციატივაზე.

* ჯადოსნური წრე

1975 წელს მაგიის მოყვარული ჩარლი ილუზიონისტების ბრიტანულ კლუბში „ჯადოსნურ წრეში“ გაწევრიანდა. მართალია, ოფიციალურად უელსის პრინცი ჩაით სავსე ფინჯნის გაქრობის შემდეგ მოხვდა კლუბში, მაგრამ სინამდვილეში მისი მიღებაც წინასწარ გადაწყდა და სერტიფიკატიც ბევრად ადრე გადაეცა.

* ქველმოქმედი ჩარლზი

1976 წელს ჩარლზმა საქველმოქმედო ფონდი The Prince’s Trust დააარსა, რომელიც 11-30 წლის ბრიტანელებს განათლების მიღებასა და კარიერულ ზრდაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან ფონდი სულ მცირე მილიონ ადამიანს დაეხმარა.  ამასთანავე, მონარქი 400-ზე მეტ საქველმოქმედო ორგანიზაციას მეურვეობს, რომელთა მიზანს გარემოს, ბრიტანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ნაკლებად შეძლებული მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს.

* უცნაური საჩუქარი

2003 წელს ჩარლზმა ძვირადღირებული ვისკი გაუგზავნა საჩუქრად მეგობარს, ცნობილ მუსიკოსს ოზი ოსბორნს, რომელიც სწორედ ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობდა სარეაბილიტაციო ცენტრში.

* პრემიები

2007 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ ჩარლზს გლობალური ეკოლოგიური მოქალაქის ჯილდო გადასცა, 2012 წელს კი, ეკვადორის მდინარის ბაყაყმა შეიძინა მის პატივსაცემად Hyloscirtus Princecharlesi-ს სახელი, რადგან როგორც აღმოჩნდა, სხვებზე მეტად სწორედ უელსის პრინცი ცდილობდა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩენილი ბაყაყს გადარჩენას. სხვათა შორის, 2009 წელს ჩარლზმა ჟურნალ Esquire-ის ყველაზე მოდურად და გემოვნებით ჩაცმული მამაკაცების ნუსხაშიც მოიპოვა ლიდერობა, უკან კი ბარაკ ობამა ჩამოიტოვა, რომელიც მხოლოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები