პრინციპული, ნიჭიერი და ძალიან უიღბლო – ასე შეიძლება დავახასიათოთ ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი, „გინესების რეკორდსმენი“ უიტნი ჰიუსტონი.
საინტერესოა, რომ უიტნი შესაძლოა ვერც ვერასოდეს გამხდარიყო მომღერალი, ამის მიზეზი ბავშვობაში მიღებული ყელის სერიოზული ტრავმაა. უიტნიმ ძმასთან თამაშისას ტანსაცმლის საკიდით ყელი ისე დაიზიანა, რომ ლაპარაკის აღდგენასაც წლები დასჭირდა, არამც თუ სიმღერას.
მომღერალმა კარიერა მოდელობით დაიწყო და პირველი შავკანიანი გოგონა გახდა, რომელიც ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე მოხვდა. უიტნის შემოქმედებაში გარდამტეხი სიმღერაა I Will Always Love You, რომლის შესრულების უფლება მას დოლი პარტონმა მისცა. არადა იყო დრო, როდესაც პარტონმა ამავე სიმღერის შესრულებაზე ელვის პრესლის უარი უთხრა. სიმღერა შესულია 90-იანი წლების კინოჰიტში „პირადი მცველი“ და სწორედ ამ ფილმს რამდენიმე საინტერესო ამბავი უკავშირდება. თავდაპირველად უიტნიმ ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა. მან ჩათვალა, რომ რეიჩელის გმირი ზემდეტად ისტერიული იყო. კევინ კოსტნერს რამდენიმე დღე დასჭირდა ჰიუსტინის დასარწმუნებლად, რომ ეს როლი სწორედ მას უნდა ეთამაშა. სკანდალური გახდა ფილმი გამოსვლის შემდგომაც, რადგან უიტნი „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტი და საბოლოოდ გამარჯვებულიც გახდა, როგორც წლის ყველაზე ცუდი მსახიობი. მიუხედავად რიგი უთანხმოებებისა, სიმღერა I Will Always Love You ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი საუნდტრეკი გახდა.
ალბათ არც კი იცით, რომ 26 წლის ასაკში უიტნი ჰიუსტონმა გახსნა ბავშთა დახმარების ფონდი და ქორწილის დღეს სტუმრებს სთხოვა, საჩუქრების ნაცვლად თანხა სწორედ ამ ფონდში გადაერიცხათ. არ გაუმართლდა უიტნის ოჯახშიც, 2012 წელს მასზე სასამართლოში საჩივარი მამამ შეიტანა. მამა შვილს ფირმასთან დადებული კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებდა. მამის სიკვდილის შემდეგ სასამართლო დავა უიტნისთან უკვე დედინაცვალმა გააგრძელა.
საინტერესო იყო უიტნის პირადი ცხოვრებაც, ის ბობი ბრაუნთან დაქორწინებამდე მსახიობ ედი მერფის ხვდებოდა, რომელიც მიატოვა. უიტნიზე უიმედოდ იყო შეყვარებული რობერტ დენიროც, მაგრამ რომანი არადა არ შედგა.
პირველი ჭორები უიტნის ნარკოდამოკიდებულებაზე 2000-იანი წლებიდან ჩნდება, ყველაფერში კი მისი ქმარი, ბობი ბრაუნი იყო დამნაშავე, რადგან იქამდე უიტნი უბადლო რეპუტაციით სარგებლობდა. სასტუმრო „ბევერლი ჰილტონი“, სადაც უიტნი ტრაგიკულად დაიღუპა, ისევ ფუნქცინირებს, თუმცა ნომერი აღარ ქირავდება.