LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ამბავი ნინო კასრაძის შესახებ – „მხოლოდ მან მითხრა: არ წახვიდე!“

3146
ninokasradze2021

რეჟისორი რეზო შატაკიშვილი იხსენებს აქამდე უცნობ ამბავს ცნობილი მსახიობის, ნინო კასრაძის შესახებ, რომელიც ის ნინო ანანიაშვილისა და ნოვოსიბირსკის თეატრის თანამშრომლობის გამო გაახსენდა. გთავაზობთ ამ ამბავს:

„ყველა პრიმა არაა და ნოვოსიბირსკის დასს არ ჩააბარებენ…

მაგრამ ამ გახსენებაზე…

2012 წელი იყო. მოსკოვის სამხატვრო თეატრი და მეიერჰოლდის ცენტრი აცხადებდა მაგისტრატურაში მიღებას. იქ სწავლობდა ჩემი მოლდოველი მეგობარი. დამიკავშირდა და მითხრა, რომ დაინტერესებული იყვნენ, მიეღოთ ვინმე ახალგაზრდა რეჟისორი საქართველოდან, რომ მან შესთავაზა ჩემი კანდიდატურა, აუხსნა, რომ კიშინოვში ნანახი ჰქონდა ჩემი სპექტაკლები (ფესტივალზე ჩატანილი „მინის სამხეცე”, იქ, ნაციონალურ თეატრში დადგმული „პიკნიკი ბრძოლის ველზე”) და რეკომენდაციას მიწევდა. მოლდოველმა მეგობარმა მითხრა, რომ დაინტერესდნენ და გამომიგზავნა ლინკი, სადაც იყო პირობები:

1. ბინით უზრუნველყოფა მათ კუთვნილ საერთო საცხოვრებელში. უფასოდ.

2. ორჯერადი კვება. უფასოდ.

3. მოსკოვის თეატრებში სპექტაკლებზე დასწრება. უფასოდ.

4. სტიპენდია. (არც თუ ურიგო).

5. და რა თქმა უნდა, სწავლა უფასო…

მეგობარმა მითხრა, რომ კონკურსი თითქმის ფორმალური იქნებოდა – ვინაიდან მათთვის გადამწყვეტი იყო ის, რომ მე ვიყავი რობერტ სტურუას მოწაფე – დამთავრებული მქონდა მაგისტრატურა – რობერტ სტურუას ჯგუფი.

მოკლედ, ჩემზე ერთი რამე იყო დამოკიდებული, მომეხვია ხელი საბუთებისთვის, მომეკიდა ზურგჩანთა და წავსულიყავი იმ საქართველოდან, სადაც:

— არც ბინა მქონდა და თვეში 200 დოლარს ვიხდიდი, რომ ორთაჭალაში, ნაქირავებში მეცხოვრა.

— არც უფასოდ მაჭმევდა ვინმე და არც უფასოდ მიშვებდნენ თეატრებში (რუსთაველის თეატრის გარდა).

ბევრი მირჩევდა, რომ წავსულიყავი, ზოგი — დაფიქრებას.

მხოლოდ ნინო კასრაძემ მითხრა – არ წახვიდე!

ოკუპანტ ქვეყანაში არ უნდა წახვიდე.

მე ძალიან კარგად ვიცოდი, რა პერსპექტივასაც მისახავდა იქ წასვლა – როგორც განათლების მიღების, ისე მისი გამოყენების ასპარეზის თვალსაზრისით. კარგად ვაცნობიერებდი, რომ იქ წასვლის შემთხვევაში მატერიალურად ბევრად უკეთ ვიცხოვრებდი, მაგრამ კარგად ვხვდებოდი იმ კონტექსტსაც, რის გამოც იყო მათთვის საინტერესო და რისთვისაც სჭირდებოდათ სტუდენტი საქართველოდან და არ წავედი ოკუპანტთან.

მე, ერთი რიგითი მოქალაქე და რიგითი რეჟისორი არ წავედი – უარი ვთქვი მსოფლიოში სახელგანთქმულ მოსკოვის სამხატვრო თეატრში მოხვედრაზე და შენ, ნინო ანანიაშვილი რომ ხარ – მოსიარულე ლეგენდა, რამ გაიძულა ნოვოსიბირსკში რომ „გადაპრიჟოკდი“???

რა დაგაკლო სამშობლომ????

პ.ს: რაც არ პრავდება, არ პრავდება. ნუ შემომივარდებით აქ  რადიოზე დაყენებული ტექსტებით“.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნინო ანანიაშვილმა თავად გაახმაურა თეატრის მხრიდან შეთავაზების შესახებ, ნოვოსიბირსკის თეატრიდან მას კონტრაქტი გაუჩერეს და ამ თანამშრომლობაზე უარი თქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები