LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ამბავი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ – რა აღარ დაუბრუნა დავით სარაჯიშვილს

1161
eqvtime-tayaishvili

გამოჩენილი ქართველების შესახებ საინტერესო ამბები შევა წიგნში, რომელსაც საზოგადოება მალე იხილავს. საუბარია თამაზ ჯოლოგუას მიერ შედგენილ გამოცემაზე „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. 100 ამბავი“. წიგნს „არტანუჯი“ გამოსცემს.

ისტორიკოსი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საინტერესო ამბავს გვიზიარებს:

„ერთი ნესტორ წერეთელი იყო, საჩხერელი დიდი თავადი და იმას ცოლად ჰყავდა გურიელის ქალი, სახელად პელაგია. ნესტორი გარდაიცვალა და მისი ქონება – მათ შორის, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი – მის ცოლ-შვილს და ნათესავებს დარჩა. ხელნაწერს თურმე ყდა ჰქონია გაფუჭებული და დედას უთხოვნია ვაჟიშვილებისათვის, გააკეთებინეთო. იმათაც წამოუღიათ თბილისში, ყდა მართლაც კარგი გაუკეთებიათ, ხავერდისა, მაგრამ მერე – ჩვენებური, თავადიშვილური დაუდევრობით – ეტლში დარჩენიათ და დაუკარგავთ. მათ შემდეგ ის ეტლი უქირავებია ცნობილი ქართველი ვაჭრის ფორაქიშვილის ერთ ნოქარს… ის ნოქარიც ამდგარა და მიუტანია მეწარმე დავით სარაჯიშვილისათვის, რომელსაც სამი თუმანი მიუცია ხელნაწერში. – ეს მაშინ, როდესაც იმ ხელნაწერში რამდენიმე ათეული საუცხოვო მინიატურა იყო და თითო მათგანი გვიღირდა ას მანეთად! ცოტა ხნის შემდეგ დავით სარაჯიშვილმა მიმიწვია სადილად – კვირა დღე იყო, სტუმრები ჰყავდა. შევედი თუ არა, მომაგება ის ხელნაწერი: „აი, საშენო, საშენოო!“ დავხედე, მოვკიდე ხელი და ვუთხარი: „ამას თან წავიღებ და გულმოდგინედ შევისწავლი მეთქი!“ „წაიღე, ოღონდ მალე დამიბრუნე, ბარონ დე-ბაის უნდა ვაჩუქოო!“ „მაგრე არ უნდა მეთქი“, – გავიფიქრე გუნებაში და წამოვიღე შინ ის ხელნაწერი.

რამდენიც მომკითხა სარაჯიშვილმა, იმდენი ვუპასუხე, ჯერ კიდევ ვიკვლევ, არ მომითავებია მეთქი და ამასობაში ის ბარონი კიდევაც გაემგზავრა საქართველოდან. მერე თითონ დავით სარაჯიშვილიც წავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ სამაგიეროდ მისმა ცოლმა დამიწყო დროდადრო კაცის გზავნა – „ხელნაწერი დამიბრუნეო“. მეც ვუთვლიდი: „კი, ბატონო, მაგრამ ჯერ კიდევ არ შემისწავლია მეთქი“. მერე ვთქვი გუნებაში, ესენი, ჩანს, აღარ მომეშვებიან მეთქი, ავდექი და შევიტანე ხელნაწერი წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმში… აღვწერე და მერე კიდევაც გამოვეცი „Описание“-ში.

ჩამოვიდა სარაჯიშვილი საზღვარგარეთიდან და ისევ მომკითხა ხელნაწერი. ცოდვას ვერ დავიდებ კისერზე, ნამდვილი პატრიოტი კაცი იყო, მაგრამ – საკვირველია პირდაპირ! – აი, ასეთ რამეებს სჩადიოდა ხოლმე; რაღაცა ღვთის რისხვა იყო ჩვენს თავს! როცა მკითხა, რა უყავიო, ვუთხარი: „კაცო, ჩამოეხსენი ამ „ვეფხისტყაოსანს“, ვიღაც გადამთიელს რომ გინდა მაინცდამაინც გაატანო, აქაო და ბარონიაო, აი, შენი სახელით შევწირე წერა-კითხვის საზოგადოებას და კიდევაც გამოვეცი მეთქი“. თან ვაჩვენე ის „Описание“. იამა, შიგ რომ მისი სახელით იყო ხელნაწერი შეტანილი და გაეცინა, კარგიო!..

საზოგადოება დიდ პატივს კი მცემდა, მაგრამ ასეთი სახელიც მქონდა მოხვეჭილი: „ექვთიმე თაყაიშვილს თუ ჩაუვარდა ხელნაწერი, მერე მორჩა, დაკარგულიაო!“ “

(ექვთიმე თაყაიშვილი)“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები