რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ტელეწამყვანი და ლექტორი სანდრო კაკულია, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
ბევრი ვეძებე და შენი ახალი ინტერვიუები ვერ ვიპოვე, რატომ ხარ ამ კუთხით ასეთი პასიური?
დაახლოებით 9 წლიანი პაუზა მაქვს, დიდი ხანია რადიოში არ ვყოფილვარ და რომ დამირეკე, სიხარულით დავთანხმდი, ძალიან მომნატრებია რადიოსივრცე. ტელევიზიასა და ეკრანს ძალიან სწრაფად შეუძლია საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოგაქციოს. მე ხომ არ ვარ მსახიობი, 13 წლის წინ, როდესაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოვხვდი, გამაფრთხილეს, რომ პრემიერიდან მეორე დღესვე შენი ცხოვრება შეიცვლებაო. იმ წუთში ვერ მივხვდი, მაგრამ მართლაც ასე მოხდა. საზოგადოებრივი ტიპი მინდოდა გავმხდარიყავი, თუმცა, სხვა კუთხით, ჩემი პროფესიით. უცებ დამეცა ცნობადობა თავზე და ამ ყველაფერმა შთანთქა ჩემი ტიპაჟი. პოპულარობამ ჩემი კერძო სივრცე წამართვა. ყველგან დავდიოდი, გადაცემებში, შოუებში და ეს მომწონდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ დავიძაბე, ეს არ იყო ის, რაზეც ვოცნებობდი. უცნობი ადამიანები ქორწილებში მპატიჟებდნენ და ბავშვებს მანათვლინებდნენ. გორში, ქორწილში ერთხელ პატარძალთან პირველი მე მაცეკვეს. როგორც ფილმში „საჩუქარია“, პიერ რიშარივით დამათრევდნენ აქეთ იქეთ. სახელ სანდრექსას მანამდე არავინ იყენებდა, მალევე ამ სახელის პასპორტში ჩაწერაც დაიწყეს. მე ხელიდან მეცლებოდა ძალიან მნიშვნელოვანი დრო, ვეღარ ვწერდი. სიმარტოვის, განმარტოების ფუნქცია დავკარგე. ფეისბუკი ახლა გაუქმებული მაქვს, ეს იმიტომ, რომ როცა ვიძინებდი, მეგონა ჩემი ცხოვრება ჩემს გარეშე გრძელდებოდა. „ინსტაგრამი“ მაინც დავიტოვე, იმიტომ რომ მჭირდება ზოგადად სოც.ქსელი, მაგრამ დახურული პროფაილი მაქვს.
სანდრო, კითხულობ ხოლმე კომენტარებს სოციალურ ქსელში?
ერთხელ ერთმა ჭკვიანმა ქალბატონმა მითხრა, რომ კომენტარები არასდროს წაიკითხოო, იმიტომ რომ შეიძლება ამან ნეგატიური გავლენა იქონიოსო. მას ბრმად ვენდე და ამის შემდეგ კომენტარებისთვის თვალიც კი არ გადამივლია. ამ თვისების, ჩემს კოლეგებს ძალიან შურთ, იმიტომ რომ მათ კომენტარები გულზე ხვდებათ ხოლმე. მინდა მივმართო მათ, ვინც ცნობად ადამიანებს ნეგატიურ კომენტარებს უწერს, ამით სამყაროში ძალიან ნეგატიურ იმპულსებს უშვებენ, რომელიც, მე მჯერა, რომ უკან უბრუნდებათ, ეს კარმაა. ამით სხვა ადამიანს სტკენენ, ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ადამიანები ძალიან დავშორდით ერთმანეთს.
როგორი გრძნობაა, როცა ირთვება კამერა და შენ სათქმელს პირდაპირ ეთერში ისე ამბობ, როგორც ეს გინდა?
ეს მართლა უნიკალურია, სამი ადამიანი ვართ, რადიკალურად განსხვავებულები, განსხვავებული თემით, ჩვენ უკან სხვადასხვა ცხოვრებაა, ეს ფორმატი არ არის დაგეგმილი, არ გვყავს სუფლიორი, ამიტომაც დავთანხმდი. ჩემთან ილოსთან და ეკასთან ქალბატონი მარინა საოცრად კარგად შემოვიდა ურთიერთობაში, ის არის ჩვენი მენტორი. მარინამ საოცრად აღმოგვაჩენინა მუსიკა. ძალიან კარგ ჯგუფად ჩამოვყალიბდით.
როგორია მამაა სანდრო?
სულ მეუბნებოდნენ, რომ გოგოს მამობა სხვანაირი იყო, სანამ ელენე არ გაჩნდებოდა, ეს რთული წარმოსადგენი იყო. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რაც დროს გადის, რაც უფრო იზრდება, მე მის ასაკამდე დავდივარ, მე ვიცი, რომ ამ ვიდეოს ნახავს და მოვიკითხავ, ეს გოგო არის საოცარი, მას საოცარი ემოციური ინტელექტი აქვს. მე მას ვაღიარებ ადამიად, მე დამოუკიდებლად ყოფნის საშუალებას ვაძლევ, არ მინდა მე მას რაიმე შევუზღუდო, ის მე ყველაფერს მიყვება, მინდა რომ იცოდეს რომ მე მის გვერდში ვარ, როგორც მეგობარი.
ახლა კიდევ ერთ პროფესიაზე, მარკეტოლოგიაზე გვესაუბრე,
ზოგადად, იურიდიული მაქვს დამთავრებული, თუმცა მარკეტოლოგია ჩემი საქმეა, ასევე ვწერ და მალე ჩემი მოთხრობების პირველი კრებული გამოვა. პიესა, რომელსაც ახლა ვასრულებ, ძალიან დროულია ამ ეპოქისთვის. ლექციებზე კი „ქოფირაითინგის“კურსს ვკითხულობ, თუმცა თავიდან მათთვის მაინც სანდრექსა ვარ.
რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
მნიშვნელოვან ეტაპს გავდივარ, ჩემთვის ძალიან საინტერესოს, რომელიც ჯერ არასდროს არ მქონია. ყველაფერია, სევდაც არის. ისეთი რაღაცეები გადამხდა, რაც 36 წლის მანძილზე არ გადამხდენია.
როგორი მზარეული ხარ?
ძალიან მიყვარს საჭმლის კეთება, ჩემი გემოვნებით ვაკეთებ ყველაფერს, თავად ვაზავებ და ასევე თვალის არაჩვეულებრივი მეხსიერება მაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც მიყვარს, როცა მე მიმზადებენ.