17 აგვისტოს, ბათუმში, გია გაჩეჩილაძე პირველად, 18-წლიანი პაუზის შემდეგ, საკლუბო კონცერტს გამართავს. ბოლო დროს უცნობისგან მუსიკალური სიახლეები აღარ გვსმენია. მისი ძველი სიმღერები ხალხს უყვარს, მაგრამ ახალი რეპერტუარი არ გაუკეთებია. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა თავისი კომპოზიციებით.
ახლა კი, „სექტორ 26“-ში, ის მსმენელის წინაშე წარდგება. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ზღვის პირას სცენა აშენდება. თავად უცნობმაც მიმართა მსმენელს და შესთავაზა: „მოდი, გავაკეთოთ რამე ერთად“. უცნობის ვიდეომიმართვას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს მოენატრათ მასთან შეხვედრა.