LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოეთში, სტუმრებით გადაჭედილ სასტუმროს ფოიეში, ტელეფონს მიჩერებული, მოულოდნელად, ზურგში დანის ჩარტყმით, ვინ გარეწარმა გაგიმეტა დედა… რატომ დე? შენ რატომ?“ – ნიდერლანდებში მოკლული ქართველი ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1427
Untitled design (1)

დაახლოებით, 1 თვის წინ ნიდერლანდებში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის კაცი მკვლელს სხვაში შეეშალა, ზურგიდან მიეპარა, დანა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა.

მოკლულის დედა ლია დევიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც არსებულ ურთულეს რეალობაზე წერს, რომელთან შეგუებაც შვილის სიკვდილის შემდეგ უწევს.

ნიდერლანდებში 28 წლის თორნიკე მანველიძეს საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრის ბრალდებით ეძებენ

„არაფერი ვიცი… რამდენიმე დღის წინ გავაცილე ჰოლანდიაში…“ – რას ამბობს ცნობილი მწერალი შვილზე, რომელიც ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება“… შენ ეს ჯვარი უნდა ზიდო და ტკივილით იცხოვრო…

რატომ დე? ვერ გადავხარშე, ვერ გამოვფხიზლდი, შენ რატომ?

მერიდება, როგორც დედას, შენზე საჯაროდ საუბარი, ვიცი, არც შენ არ მოგეწონებოდა, ჩემი სათქმელი უკვე გითხრეს კლასელებმა, მეგობრებმა და ოჯახის ახლობლებმა, მადლობა მათ.

მაგრამ მაინც ვიტყვი, ჩემო კეთილშობილო, გონიერო, დინჯო, განსხვავებულად მოაზროვნე, უკონფლიქტო, ფიზიკურად და სულიერად უნაკლო ვაჟკაცო ,ვერავინ გაიხსენებს შენთან მარტივ კონფლიქტსაც კი, „კარგი ჰო“- ასე იტყოდი, როგორი დიდი იყავი ამ დროს, დედასაც კი „მშურდა“ შენი…

და მაინც უცხოეთში, სტუმრებით გადაჭედილ, სასტუმროს ფოიეში, ტელეფონს მიჩერებული, მოულოდნელად, ზურგში დანის ჩარტყმით, ვინ გარეწარმა გაგიმეტა დედა, ნახე მაინც?

მერე ფეხზე წამომდგარხარ, შენს იარებს თვითონ უვლიდი, წაბარბაცდაო, წაიქეცი დედა? თურმე რაღაც გინდოდა გეთქვა, შველას ითხოვდი? ვიცი ჩემზეც იფიქრებდი…

იმიერშიც ჩვენზე ფიქრობ დედა? დაჩი სულ მკითხულობს და როგორ ვუთხრა, რომ ვერ მოვალო… შენ ხომ მეორე მამა იყავი მისთვის ეჰ! როგორ გაუგლიჯე შენს ძმას გული, თქვენ ხომ ერთი იყავით, საუკეთესო და სამაგალითო ძმები.

ნეტავ, როგორ არიან, ან რას ფიქრობენ ის ბიჭები, შენთან ერთად რომ იყვნენ, ბედნიერები იმით, რომ ცოცხლები არიან? შენ რატომ, ან ვის მაგივრად დაისაჯე დედა? შენი დანაშაული თურმე, ზურგით რომ იჯექი ის ყოფილა, ვაი, შენს დედას შვილო იქაც მოკრძალებულ ადგილს აირჩევდი.

90-იან წლებში დაიბადე, წარმატებით ჩააბარე ეროვნული გამოცდები, სპეციალობით ბიზნესისა და ადმინისტრირების ბაკალავრი და ეკონომიკის მაგისტრი იყავი, ფინანსური მენეჯერის და ბუღალტერიის კურსებიც ორჯერ გაიარე, მაინც ვერ დასაქმდი, შენნაირი უნარებისა და შესაძლებლობების ახალგაზრდა,რომელ დროში სჭირდებათ დედა…

მერე შენს თავს თვითონ მიხედე, მართალი იყავი, „ჩემს ტვინს სხვას ვერ მოვახმარო“, რომ მითხარი, შენი პატიოსანი მშობლების შემხედვარე, სხვანაირად ვერც იფიქრებდი.

მერე წარმატებები მოვიდა, ევროპის ყველა ქვეყანაში იმოგზაურე, 27 წლის ბიჭმა, თბილისში ბინა შეიძინე, მერე მანქანა, შენს საკრედიტო ბარათს „ულიმიტოს“ ეძახდნენ ბიჭები თურმე, სტუდენტობის წლებშიც კი, ჩვენთვის ზედმეტი თანხა არასოდეს მოგითხოვია, უაზროდ გამცემი და კეთილი იყავი.

როგორ მეამაყებოდი დედა, ზაფხულში სხვა ბიზნესს გეგმავდი, დაოჯახებაზე ფიქრობდი, როგორ ჩაკლეს შენში ყველაფერი.

ახლა, უშენოდ ჩვენი ცხოვრება რა არის დედა, ვერ ვაცნობიერებ, რომ აღარ ხარ, მე სულ გელოდები და უსაშველოდ მენატრები, ჩემო უდანაშაულო, სიკეთის ბიჭო შენთან შეხვედრამდე, ჯერ „სხვებს“ შევხვდები დედა, გ პ ი რ დ ე ბ ი !!!

ფოტოზე 9 სექტემბერია, შენთან ერთად ყოფნის უკანასკნელი დღე ჩუმად გადაგიღე, შენი ჭკვიანი თვალები ვერ გამოვაჩინე.

19 სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეზე, ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა

ვაი, შენს დედას შვილო“, – წერს ლია დევიძე.

ცნობიათვის, ნიდერლანდების ცენტრალური ოლქის პროკურატურა 28 წლის საქართველოს მოქალაქეს თორნიკე მანველიძე ეძებს, რომელსაც ბრალად უტრეხტში 32 წლის საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრა ედება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი 19 სექტემბრის, დაახლოებით, 18 საათზე, უტრეხტის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

 

 

,, უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება”…შენ ეს ჯვარი უნდა ზიდო და ტკივილით იცხოვროო…
რატომ დე?, ვერ გადავხარშე, ვერ…

Posted by Lia Devidze on Sunday, November 12, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები