საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, დამატებითი ვადა მიეცემათ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის.
ასევე, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი მოიწესრიგონ და შესაბამისს სააგენტოს, საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად მიმართონ.
ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი 2018 წლის 21 ივლისიდან ითვალისწინებდა საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის აღდგენის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის დროებით უფლებას.
აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს კანონით განსაზღვრული ჰქონდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
როგორც პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის დროებითი უფლება საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებში მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა, რასაც 2018-2019 წლების სტატისტიკა ცხადყოფს.
2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა 1935-მა, ხოლო 2019 წელს – 2044-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი, 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ.
“მხედველობაშია მისაღები, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო, მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები შეაფერხა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების დროებითი უფლების რეალიზაციაში, ვინაიდან ამ უფლებებით სარგებლობით დაინტერესებულ პირთა ნაწილს არ ჰქონდა არც საქართველოს საკონსულოსთვის მიმართვის და არც სააგენტოსთან ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებობა, რადგან ეს უკანასკნელი სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის ფლობას საჭიროებს.
შესაბამისად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება“, – აღნიშნული პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.