LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის მოპოვება ძვირდება – კალაძემ გუნდის ინიციატივა წარადგინა

105

თბილისის მერმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დააანონსა, რომელიც უცხოელებისთვის ქვეყანაში ბინადრობის მოპოვებას მკაცრად არეგულირებს.

კალაძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, 35 000 ლარის ნაცვლად, ბინადრობის მოსაპოვებლად 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი. ერთი და იმავე ქონებით კი, სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის მინიჭება შეუძლებელი იქნება.

იცვლება მუდმივი ბინადრობის მოპოვების წესიც. დღესითვის 300 000 ლარის ინვესტიციის გაღების საფუძველზე, ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. პროექტის თანახმად, 300 000 ლარი, დოლარით ნაცვლდება, მუდმივი ბინადრობის მაგივრად კი, პირი ამ თანხის სანაცვლოდ, 5 წლიანი ბინადრობის ნებართვას მიიღებს.

კალაძემ აღნიშნა, რომ ამ პოზიციას მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სრულად იზიარებს.

“ჩვენი დედაქალაქი, ქვეყანა დინამიურად ვითარდება და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ბინადრობისა და ცხოვრების მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. ჩვენ ოპონენტივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენი კარი ყველა ტურისტვის ღიაა, მიუხედავად, მათი ფინანსური შესაძლებლობისა. სტუმარი ღვთისაა. ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია, თუმცა რაც შეეხება ბინადრობასა და ცხოვრების უფლებას, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ბაზრის მოწესრიგებისთვის, მთელი რიგი რეგულაციები არსებობს. ამ ყველაფერს იმგვარად გამოყენება სჭირდება, რომ დაბალანსებული იყოს აქ ცხოვრების მსურველთა და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებები,“ – განაცხადა კახა კალაძემ და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბოლო პერიოდში დასრულდა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ პროექტებს საქართველოს მოქალაქეები აფინანსებენ, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

„დიდ ძალისხმევას მივმართავთ უსაფრთხოებაზეც. ყველაფერ ამას ჩვენი ბიუჯეტი, საქართველოს სტუმართმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ. ამას კი მოვლა-პატრონობა სჭირდება. სწორედ ამიტომ, უცხოელებს, რომლებსაც ამ სიკეთეებით სარგებლობა სურთ, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები