დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზს უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს.
ადვოკატის ინფორმაციით, კვლევები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დეკანოზი მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება.
“უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება. ჩვენ ჯერ არ შევხვედრილვართ და მივიღეთ პირობა, რომ როცა შესაძლებელი იქნება, ვნახავთ დეკანოზს. იმედია, მდგომარეობა არ გაუარესდება. კვლევები ახლაც მიმდინარეობს”, – აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.
“მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი.19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია.
21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.