LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბრალოდ ჩავარდნა თუ საქართველოს თავისი ადგილი მიუჩინეს (ვიდეო)

40

საქართველოს ნაკრებმა უშანსოდ და უაპარაკოდ წააგო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაში სერბეთთან. რა იყო წაგების მიზეზი? ბუნებრივია, მთავარი ისაა, რომ მეტოქე ერთ-ერთი უძლიერესია კონტინენტზე (იქნებ მსოფლიოშიც). ამას ემატება არაოპტიმალური შემადგენლობა, გარკვეული პაუზით გამოწვეული შეუთამაშებლობა, თვალშისაცემი შეცდომები დაცვაში, ცოტაც უიღბლობა, რადგან იყო პერიოდი, როდესაც სროლა არავის არ წაუვიდა და უბრალოდ არცერთი ბურთი არ ჩავარდა. ერთ წაგებას, მით უმეტეს სერბეთთან, როგორღაც გადავიტანთ, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ჩნდება: თუ ეს იყო უბრალოდ ერთი წარუმატებელი და უიღბლო დღე, კი არა უშავს, მაგრამ თუ ეს კანონზომიერი რამ იყო, მაშინ გამოდის, რომ ეს საქართველო ძალიან შორსაა მთავარი გუნდებისგან და ჩვენი ადგილი სადღაც შუალედში უნდა ვეძებოთ. არადა, ბოლო დროს ამბიცია მოგვემატა და საშუალოობა ასე მარტივი შესაგუებელი ვერ იქნება.

საქართველოს სერბეთთან 50:87 დამარცხდა. ეს გახლდათ საქართველოს ნაკრების ყველაზე წარუმატებელი საშინაო მატჩი.
მართალია, სერბებს არ ჰყავდათ მილოშ ტეოდოსიჩი, მიროსლავ რადულიცა, ანაც ნიკოლა იოკიჩი, თუმცა ეს ნაკრები ჩვენი წინა დაპირისპირების შემდეგ ევროლიგაში მოთამაშე “ცრვენა ზვეზდას” წევრებითა და ნბა-ში მოასპარეზე ბობან მარიანოვიჩით შეივსო.

 

სერბებმა ყველა კომპონენტში დაგვჯაბნეს და მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსის გაკეთებული კომენტარის პათოსი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება გახლდათ.

 

ილიას ზუროსი:
“ნურაფერს იტყვით მოთამაშეებზე და ნუ დაადანაშაულებთ მათ. ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ასეთი ცუდი თამაშისთვის პირადად ვუხდი ბოდიშს ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებს. წაგება არსებობს ღირსეული, თუმცა ეს ასეთი არ ყოფილა. მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის, რაც შეგვიძლია და რასაც გულშემატკივარი ელოდა. კალათბურთს აქვს კარგი და ცუდი მომენტები. ეს იყო ცუდი მომენტი, რაც მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან უკვე სამ დღეში უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ავსტრიასთან უნდა გავიმარჯვოთ, რომ მსოფლიო შესარჩევ ტურნირში ასპარეზობა გავაგრძელოთ და მოგვეცეს როგორც მაღალ დონეზე თამაშის საშუალება, ასევე იმ ახალგაზრდების განვითარება, რომლებსაც დღეს დებიუტი ჰქონდათ და არცთუ ურიგო”.

საქართველოს ნაკრები 2 ივლისს ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრით დაასრულებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკციო ეტაპს. ილიას ზუროსის გუნდს ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევს ხელს, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელ სამეულში მოხვდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები