საზოგადოების ნაწილი საქართველოს პარლამენტს , თბილისის მერიასა და კონკურენციის სააგენტოს მანიფესტით მიმართავს, სადაც მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიოს მაუწყებლობას აპროტესტებს. www.manifest.ge-ზე პეტიცია რამდენიმე საათის წინ განთავსდა და, ამ დროისათვის, 91 ხელმომწერი ჰყავს.
როგორც ცნობილია, ყვითელ შიდასაქალაქო მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი, რეჟისორ გოგა ხაინდარავას კუთვნილი რადიო “თანამგზავრი“ შეძლებს მაუწყებლობას.
რადიო “თანამგზავრის” მფლობელის, რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიამ თბილისსადა მის შემოგარენში FM 92,3-ზე მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების კომისიისგან 2016 წლის 15 იანვარს მიიღო.
მანამდე, 2015 წელის 1 დეკემბერს ხაინდრავას კომპანიამ ხელშეკრულება შპს “თბილისის მიკროავტობუსის” მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიებთან გააფორმა.
სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, რადიო “თანამგზავრი“ მიკროავტობუსებში ჩართული ერთადერთი რადიო უნდა გახდეს, რისთვისაც ხაინდრავას კომპანია“თბილისის მიკროავტობუსს” 5 ათას ლარს გადაუხდის.
”მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება რადიო “თანამგზავრს“ აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა რადიომაუწყებლებთან შედარებით, ამასთან, ვფიქრობ, ხელშეკრულება არღვევს მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლებას, ამიტომ, მოვითხოვ მის გაუქმებას” – წერია პეტიციის ტექსტში.