LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვია სისხლში, ჰაერში, ნიადაგში, კედლის საღებავში – სახელმწიფო მასშტაბური კვლევისთვის ემზადება 

794

ტყვიის საკითხი საზოგადოებაში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ტყვიის ზედმეტი შემცველობა, სუნელების გარდა, ხორცში, რძეში, სასმელ წყალში, ჭარხალში, ნალექიან ყავაში, თხილში, თევზში, კვერცხსა და მარილშიც ფიქსირდება. დარღვევები ხშირი იყო ხორცისა და რძის შემთხვევაში.

საკითხის გარშემო ამტყდარი აჟოტაჟი მალე ჩაწყნარდა, თუმცა, სოციალურ ქსელში მშობლების გარკვეული ნაწილი პერიოდულად წერს, რომ მათ შვილებს ტყვიის ზედმეტი შემცველობა სისხლში დაუფისქრდათ. მშობლები მკურნალობის კუთხით სპეციალისტების ნაკლებობაზე ჩივიან.

„ფორტუნა“ ერთ-ერთ მშობელს, თამუნა იარაჯულს, ესაუბრა. მას ორი შვილი ჰყავს და სისხლში ტყვიის შემცველობა ორივე მათგანს დასაშვებ ზღვარზე მაღალი აქვს. მისივე ინფორმაციით, კონტაქტი აქვს სხვა მშობლებთან, რომლებმაც შვილებს ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩაუტარეს და მათ უმეტესობას შემცვლეობა დასაშვებ ზღვარს ზევით უფიქსირდება.

თამუნა იარაჯული ამბობს, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის გამო, სამი ბავშვი რეანიმაციაშიც იწვა.

პრობლემასთან დაკავშირებით თამუნა იარაჯულმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიმართა. წერილის თანახმად, რომელიც მან საპასუხოდ მიიღო და რომელსაც ხელს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, აწერს, სისხლში ტყვიის შემცველობაზე 2017 წლის ნომებერ-დეკემბერში ბავშვებში მასშტაბური კვლევა ჩატარდება.

თამუნა იარაჯული ამბობს, რომ მალე მკურნალობას დაიწყებენ, თუმცა მას აზრი არ ექნება, თუ არ დადგინდება წყარო, საიდან მოხვდა ტყვია ორგანიზმში.

„შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ გარემოზე არ ვიფიქრეთ. ტოქსიკოლოგები ნიშნავენ მკურნალობას, მაგრამ აზრი არ აქვს, თუ არ დადგინდა, საიდან მოხვდა ის ორგანიზმში, იმიტომ რომ წყაროს უნდა მოშორდეს პაციენტი. სპეციალური მკურნალობის კურსი არ არსებობს საქართველოში, ნიშნავენ მკურნალობას, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საჭიროა.

“გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აიღეს სინჯები ნიადაგიდან და ჰაერიდან.  ვისაც დაუფისქრიდება, შეუძლია, ამ უწყებას მიმართოს ოფიციალურად და ისინი სინჯებს აიღებენ. ამბობენ, რომ დიდუბეში ვინც ცხოვრობს, ყველას ექნება, რადგან ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული.

“თუმცა, მარტო ნიადაგში და ჰაერში გაზომვა არ არის საკმარისი. შესაძლოა, სახლში კედლის საღებავს, სათამაშოების საღებავის შემცველობაში იყოს ტყვია და იქიდან ხვდებოდეს ორგანიზმში,“ – ამბობს თამუნა იარაჯული.

წერილში, რომელიც თამუნა იარაჯულმა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიიღო, მითითებულია, რომ კვლევა, ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად, იაშვილის კლინიკის ბაზაზე განხორციელდება და ნიმუშები გაიგზავნება ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების ლაბორატორიაში. წერილში ასევე მითითებულია, რომ ტყვია გაიზომება ნიადაგში, ჰაერში, სუნელებში, კედლის საღებავის ჩამონაფხეკში. 

“ფორტუნამ“ აღნიშნულის გადამოწმება დაავადებათა კონტროლის ცენტრში სცადა და პაატა იმნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ კვლევის ჩატარებას ჩქარობენ, თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„სამწუხაროდ, კვლევა ძვირადღირებულია და ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება, ფართომასშტაბიანი კვლევა იყოს. ვერ გეტყვით, როდის იქნება, ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზეც. ვცდილობთ, რაც შეიძლება, ჩქარა მოვახერხოთ, ამას საკმაოდ დიდი საორგანიზაციო მუშაობა სჭირდება.

“გვაინტერესებს ზოგად პოპულაციაში როგორია ტყვიის მაღალი შემცველობა. რა თქმა უნდა, ისინიც გადამოწმდებიან, წინა კვლევებში მაღალი შედეგები ვისაც ჰქონდა, პრაქტიკული ინტერესია, როგორია ახლა მათი მდგომარეობა, მაგრამ როცა ასეთი კვლევები იგეგმება, მისი მიზანია, ვნახოთ, პრობლემა როგორია ქვეყანაში,“ – ამბობს პაატა იმნაძე.

კითხვაზე შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ხომ არ გახდება სისხლში ტყვიის გაზომვა სავალდებულო და ხომ არ დააფინანსებს მას სახელმწიფო, პაატა იმნაძე პასუხობს, რომ კვლევის შემდეგ განისაზღვრება, თუ რა ინტერვენცია შეიძლება, დაიგეგმოს.

პაატა იმნაძე ასევე ადასტურებს, რომ კვლევა კომპლექსური იქნება და მის ფარგლებში ტყვიის ორგანიზმში მოხვედრის წყაროებიც განისაზღვრება. რაც შეეხება მკურნალობას, იმნაძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების მკურნალობა პედიატრებსაც შეუძლიათ.

„საქართველოში გვყავს საკმაოდ კარგი პედიატრები, მათ შორის პედიატრები, რომლებიც გათვითცნობიერებულნი არიან საკმაოდ ტოქსიკოლოგიის საკითხებში. ასე რომ, არა მგონია, მკურნალობის პრობლემა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ექიმებს, მგონი,  აქვთ კვალიფიკაცია, რომ ამ შემთხვევებს უმკურნალონ,“ – აცხადებს იმნაძე.

ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ გარემოში დიდი რაოდენობით ტყვიაა. მას შეიცავს ნიადაგი, საღებავები. სუნელებს რაც შეეხება, ღვინერია განმარტავს, რომ  აქ საინტერესოა,  როგორ იყო მოხვედრილი ის სუნელში, ნიადაგიდან თუ საღებავებიდან.

„ტყვიაზე ამბავი იმიტომ ატყდა, რომ ქართულმა ტყვიამ გადალახა საზღვარი. ამერიკაში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ,“ – ამბობს ინგა ღვინერია.

ინგა ღვინერიას განმარტებით, ტყვია ხშირად გვხვდება წარმოებაში.

ეს შეიძლება იყოს აკუმულატორები, ლინთონთა მეორადი ლღობა, ქაღალდის წარმოება, სამშენებლო მასალები, ღებვა, მინის და კერამიკის საწმოება. გარდა ამისა, შესაფუთ მასალებშია ტყვია, საიდანაც მიგრაციის დონე არის დადგენილი, მაგრამ არ ხდება შესწავლა, რამდენად გადადის ის საკვებ პროდუქტებში, რომელიც ამ მასალითაა შეფუთული,“ – აცხადებს ღვინერია.

მისივე განმარტებით, ტყვიის მოხვედრა მოზრდილების ორგანიზმში იწვევს:

  • ანემიას;
  • ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას;
  • თირკმელების დაზიანებას;
  • წნევის მომატებას;
  • ნაყოფიერების შემცირებას.

ტოქსიკოლოგის განმარტებით, ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია, ძირითადად, მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე. შესაძლოა, გამოიწვიოს აბორტებიც. თუ ორსულ ქალს ამ გარემოში უწევს ყოფნა, მისი მოქმედება ვრცელდება ნაყოფზეც.

 

ბავშვებში ძირითადად იწვევს:

  • განვითარების შეფერხებას; 
  • მეტყველების უნარის შეზღუდვას;
  • კითხვის, კოორდინაციის, მოძრაობის გაძნელებას;
  • ჰიპერაქტიულობას. 

„ იმისთვის, რომ ტყვიით ორგანიზმის მოწამვლაზე ეჭვი მივიტანოთ, აუცილებელი არ არის, ყველა ეს სიმპტომი ერთად იყოს გამოხატული. თუ მშობლისთვის რომელიმე მათგანი თვალშისაცემია, უნდა იფიქროს, ხომ არ გვაქვს საქმე ტყვიით ინტოქსიკაციასთან. შესაძლოა, ტყვიით ინტოქსიკაცია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც,“ – განმარტავს ტოქსიკოლოგი.

ინგა ღვინერია აცხადებს, რომ უცხოეთში ბავშვებს  ყოველ 6 თვეში,  წელიწადში ერთხელ უმოწმებენ სისხლში ტყვიის შემცველობას. რაც შეეხება მკურნალობას, ერთი მეთოდი არ არსებობს და მკურნალობა იმის მიხედვით ინიშნება, თუ რა რაოდენობაა ორგანიზმში. ნორმად მსოფლიოში, საშუალოდ, 10 მიკროგრამი 1 დეცილიტრშია მიღებული, მაგრამ როგორც ტოქსიკოლოგი ამბობს, ამერიკელებმა ეს ნორმა კიდევ ქვევით დასწიეს.

„ბოლო მონაცემები კი იმაზეც მიუთითებს, რომ ზღვარიც კი არ არსებობს და ებისმიერმა რაოდენობამ შეიძლება, გამოიწვიოს გართულებები. ჩვენთან ამის დადგენა არ ხდება, არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ორგანიზმში ტყვიის შემცველობას გაზომავს და ეს პრობლემაა. ლინბახის ლაბორატორიაში იგზავნება ანალიზები და ეს დროსთან და ძვირადღირებულ სერვისთან არის დაკავშირებული,“ – აცხადებს ტოქსიკოლოგი.

რაც შეეხება განსაზღვრის მეთოდებს, ტოქსიკოლოგის თქმით, თმაში ისაზღვრება მთლიანად მიკროელემენტების სპექტრი და მეტად საინტერესო სურათს იძლევა, მაგრამ თანამედროვე მიდგომებით, ყველაზე ინფორმატიული ვენურ სისხლში განსაზღვრა. არსებობს კაპილარულ სისხლში განსაზღვრის მეთოდიც, თუმცა, მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, მცირე ცდომილება არსებობდეს.

„მე მიმაჩნია, რომ მცირე ცდომილება ყველა მეთოდს ახასიათებს და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, 13 გვექნება თუ 14.

მკურნალობას რაც შეეხება, ჩვენთან არ ეკითხებიან პაციენტს, რა გარემოში ცხოვრობს. პირდაპირ მკურნალობას იწყებენ, ეს სწორი არაა. მოწამვლის წყაროს დადგენა ვერ ხდება ჩვენთან. ახლა ეს აჟოტაჟი რომელიც ატყდა მინელებულია, მაგრამ ეს მისანელებელი არაა, იმდენ რამეს იწვევს,“ – ამბობს ტოქსიკოლოგი.

ტოქსიკოლოგის განმარტებით, მკურნალობისას ცხიმიანი საკვების მიღება უნდა შეიზღუდოს, რადგან ცხიმი ტყვიას ორგანიზმში დიდი ხნით აკავებს. უნდა დაინიშნოს კალციუმით მდიდარი საკვები. აუცილებელია, რომ მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ტარდებოდეს.

„მეთოდური მიდგომები და გაიდლაინი ძალიან ბევრია და ამაში ექიმები უნდა იყვნენ მომზადებულნი. უნდა ითარგმნოს ეს გაიდლაინები, სათანადო გადამზადება ჩატარდეს. უცხოეთში აქვთ ამის გამოცდილება. მაგრამ ამას სჭირდება სისტემური მიდგომა. ჯანდაცვის ორგანოების სათანადო ჩართულობაა საჭირო.  ქვეყანა სავსეა კარცეროგენებით, იზრდება სიმსივნეების რაოდენობა. სამწუხაროა, არ არსებობს მოხმარების სფერო, სადაც ქიმია არ გამოიყენება. აქ მარტო ტყვიაზე არაა საუბარი, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიების არსებობაა საჭირო,“ – აცხადებს ინგა ღვინერია.

ტოქსიკოლოგი მიიჩნევს, რომ ორგანიზმში, ტყვიის გარდა, უნდა იზომებოდეს ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები.

 

 

თაკო ივანიაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები