„ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ პირველად ქარხანა „აზოვსტალის“ დამცველები დაიბრუნა“, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, განხორციელდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც 144 უკრაინელი დამცველი სახლში დაბრუნდა.
„ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 პირიდან – 95 „აზოვსტალის“ დამცველია, მათ შორის არის „აზოვის“ პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
უწყების ცნობით, ყველა მათგანს სათანადო გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია.