LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ” – Georgian Airways რუსებისთვის ტრანზიტულ ფრენებზე განცხადებას ავრცელებს

216
Georgian_Airways_Boeing_737_700

​ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს ვერ პასუხობს.

განცხადების თანახმად, მედიასივრცეში განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ რაღაცაზე იხმაურონ.

„​ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება დღეს მედიასივრცეში კითხვებს საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით. ​პირველ რიგში, საზოგადოებას გვსურს, შევახსენოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით.

იდეის მომხიბვლელობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს. წლები გადის და დღემდე ვერ მოხერხდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებულიყო თუნდაც სატრანზიტო დარბაზი. შესაბამისად, საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია.

​რაც შეეხება უშუალოდ სატრანზიტო ფრენების საკითხს. დღეს მსოფლიო საავიაციო სფერო ციფრულ და ონლაინ რეჟიმზე არის გადასული. მგზავრებს უფლება და შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძინონ ბილეთები და გაფრინდნენ სასურველი მიმართულებით. ეს უბრალო ფაქტია, რომელიც არავისთვის დამალული არ არის. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება მედიასივრცეში დღეს აქტიურად განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი? არაფერს, გარდა იმისა, რომ რაღაცაზე იხმაურონ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციაში რუსეთის მოქალაქეების გარდა, უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას. მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება აქვს, ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან აგრეთვე გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი. ​

აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია, უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, ნატო-ს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში.

თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება. ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩვენი წილი 0, 00… რაღაც პროცენტი თუ იქნება. საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ. რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება.

ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე. ​ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს.

„50%-იანი დატვირთვაც არ არის“ – თამაზ გაიაშვილის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა

Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს იწყებს – რუსული მედია