LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყის მცველობიდან მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მუსიკოსობამდე – შენაია ტვეინის რთული გზა ვარსკვლავობამდე

3589
შანია ტვეინი - 1

შენაია ტვეინი, იგივე ელინ რეჯინა ედვარდსი კანადელი ქანთრი-მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, ყველაზე კომერციულ შემსრულებელთა სიას ლიდერობს. ყველაზე გაყიდვადი არტისტის სტატუსი მან სამი ათწლეულის მანძილზე უკონკურენტოდ შეინარჩუნა, რაც მართლაც რეკორდია. შენაია თავად წერს სიმღერებს და თავადვე არის დაკავებული მათი პრომოუშენით.

მუსიკოსი „გრემის“ ხუთგზის გამარჯვებულია და მისი ალბომები, 75 მილიონიანი ტირაჟით არის გაყიდული. ტვეინი ერთადერთი ქანთრი შემსრულებელია მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, ვისი სამი ალბომიც ზედიზედ სამჯერ გახდა ბრილიანტის სტატუსის მქონე.

მუსიკოსის ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, თავგადასავლებითა და სირთულეებით.

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ შენაია ტვეინის ალბომი Come On Over მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის. შენაია 40 პროცენტით ირლანდიელია, მას აქვს ბრიტანული, შვედური, შოტლანდიური და ცოტა ფრანგული ფესვები.

საინტერესოა, რომ შენაიას ოჯახი კანადაში 1912 წელს გადავიდა საცხოვრებლად. როგორ თავად ჰყვება, მისი დიდი ბებია და ბაბუა ტიტანიკის საბედისწერო რეისზე მხოლოდ იმიტომ ვერ აღმოჩნდნენ, რომ ბილეთის ყიდვა დააგვიანდათ.

შენაიას მშობლიური ქალაქია ტიმინსი, რომელიც მუსიკოსს ძალიან უყვარს, პირველად სცენაზე შენაია ტიმინსის ერთ-ერთ რესტორანში გამოჩნდა, 11 წლის ასაკში კი მღეროდა ბარებსა და რესტორნებში. პირველი სიმღერა 10 წლის ასაკში დაწერა და მას ერქვა Love Is A Rose. პირველად ეკრანზე შენაია ტომი ჰანტერის შოუში გამოჩნდა. ჯერ კიდევ სულ პატარა, შენაია უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ტვეინი ბევრს მუშაობდა, მათ შორის მცველად ტყეში. ამბობს, რომ საჭმლის ფული არასოდეს ჰყოფნიდათ და საკვებს ყოველთვის იზოგავდნენ. თინეიჯერობის წლებში შენაია ტორონტოში ოფიციანტადაც მუშაობდა.

პირველი მუსიკალური ჯგუფი, სადაც შენაია მღეროდა, იყო Longshot. ამ დროს გამოჩნდა ის ტორონტოს მუსიკალურ ფესტივალზეც. ამავე პერიოდში მისი დედა და მამინაცვალი ავარიაში დაიღუპნენ, სწორედ ამიტომ შენაიას უმცროს ძმებზე მეურვეობის აღება მოუწია.

მომღერლის პირველი მეუღლე ჯონ ლანგი პროდიუსერი იყო, პირველად მან შენაია ეკრანზე ნახა და როგორც ამბობს, მაშინვე შეუყვარდა. წყვილი მალევე დაქორწინდა და სწორედ ამ დროს დაიწერა ლეგენდარული ალბომი The Woman In Me.

1998 წლიდან 2000 წლების ჩათვლით, შენაიამ გამართა 165 კონცერტი, ტურებით მიღებულმა შემოსავალმა, 85 მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად საქვეყნო აღიარებისა, შენაია ამ დრომდე უარს ამბობს პირადი მცველის მომსახურებაზე. ერთადერთი, ვინც მას სულ თან დაჰყვება, მისი ძაღლია.

2001 წელს შენაიამ მშობლიურ ქალაქ ტიმინსში მის სახელობის მუსიკალური ცენტრი გახსნა, რომლის მშენებლობაც ოთხი მილიონი დოლარი დაჯდა. 90-იანი წლებიდან შენაია შვეიცარიაში, 40 ოთახიან აპარტამენტებში ცხოვრობს, სადაც მას აქვს თავისი ხმისჩამწერი სტუდია და უზარმაზარი რანჩო ცხენებისთვის.

2003 წელს შენაიას ლაიმის დაავადება დაუდგინდა, რის გამოც მას ხმასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა. შენაიას ანგარიშზეა  Academy of Country Music Awards-ის ოთხი ჯილდო, American Music Awards-ის ხუთი პრიზი, Billboard Music Awards-ის რვა და კანადის ქანთრი მუსიკის ფესტივალის უამრავი პრიზი.

რაც ეხება მის ბოლო ნამუშევარს, 2020 წელს შენაიამ მუსიკოს ორვილ პეკთან ერთად ჩაწერა სიმღერა  Legends Never Die. ისევ პირადს თუ დავუბრუნდებით, საინტერესოა, რომ შენაიამ პირველ მეუღლესთან,მათ ლანგთან 1993 წელს იქორწინა და  წყვილი ერთად იყო 2008 წლამდე. მათ ჰყავთ ვაჟი ეიჯა დიანჯელო. 2011 წელს შენაიამ მეორედ იქორწინა, ამჯერად მისი რჩეული ფრედრიკ ტიბო გახდა.

ლანა დელ რეის თავბრუდამხვევი კარიერული გზა დიდებისკენ – მუსიკალური ისტორიები

როცა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული გტოვებს, ასეთი შედევრი იბადება – ღიმილიანი მაილის გზა ჰიტამდე Flowers

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები