LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ

90

ტყიბულში მდებარე მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქამდე მეშახტეთა მოთხოვნა კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვედრა და მენეჯმენტის შეცვლა იყო. დასაქმებულების ინფორმაციით, მეშახტეების დაკრძალვის შემდეგ, კომპანია განიხილავს კადრების ცვლილების საკითხს. მათი ინფორმაციით, კომპანიამ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შახტში სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო.

დასაქმებულებს ბრძანება შახტის ადმინისტრაციამ ჩააბარა, თუმცა ისინი შახტში შესვლაზე უარს ამბობენ. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ უსაფრთხოებაზე პასუხისმგენელი პირები იმყოფებიან. მეშახტეების მოთხოვნა უცვლელი რჩება – გამკაცრდეს უსაფრთხოების ნორმები და აღდგეს მუშაობა შახტში.

ტყიბულის შახტში 16 ივლისს, გამთენიისას, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქებას 4 მუშა ემსხვერპლა, 6 მათგანი კი დაშავდა.  სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და ის ადამიანები, ვინც ტყიბულის შახტში იყვნენ დასაქმებული, ჩვეულებრივ მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას.

მინდელის შახტში არსებული მდგომარეობის დასათვალიერებლად შრომის ინსპექტორების ჯგუფი ჩავიდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები