თვითმფრინავი შესაძლოა ავტომობილზე უფრო ეკოლოგიური იყოს. მსოფლიოში ყველაზე არაეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალება ავტომობილია და ჰაერის დაბინძურების 72% სწორედ მასზე მოდის. თვითმფრინავები სატრანსპორტო გამონაბოლქვის 14%–ზე არიან პასუხისმგებელი. ყველაფერი მარშრუტის სიგრძესა და მგზავრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 500 კილომეტრიან მარშრუტზე მგზავრებით სავსე თვითმფრინავი გარემოს ბევრად უფრო ნაკლებად დააბინძურებს, ვიდრე კერძო ავტომობილით ერთი ადამიანის გადაადგილება.
რაც შეეხება მატარებელს, მან ეკოლოგიური ტრანსპორტის იმიჯი კარგა ხნის წინ გაიმყარა. რკინიგზაზე სატრანსპორტო გამონაბოლქვის 0,4% თუ მოდის. ამასთან, 2014 წლიდან ეს მაჩვენებელი ყოველ წლიურად უფრო და უფრო იკლებს, რაც დიზელსა და სხვა არაეკოლოგიურ საწვავზე უარის თქმის დამსახურებაა.
ეკოლოგიურთა სიაში შემდეგ ადგილს წყლის ტრანსპორტი იკავებს და მასზე მავნე გამონაბოლქვის 13% მოდის.
ევროკომისია გეგმავს, რომ 2050 წლისთვის ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე შეამციროს. ამისთვის კი სატრანსპორტო გამონაბოლქვი 1990 წელთან შედარებით 90%–ით უნდა შემცირდეს. გარდა რკინიგზის გაფართოებისა, ევროპა ელექტროტრანსპორტის ინფრასტრუქტურასაც ავითარებს და უფრო და უფრო „მწვანე“ საწვავის ძიებაშია, ეს თვითმფრინავებსაც შეეხება.