საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეგულაცია თვითიზოლაციის დამრღვევი პირის ჯარიმასთან დაკავშირებით, ძალაში გუშინ შევიდა. დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის ჯარიმა 15 ათასი ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ქმედება განმეორდება, დამრღვევ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა, სასჯელი სახით გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
მიუხედავად რეგულაციების გამკაცრებისა, კვლავ გრძელდება მოქალაქეების მხრიდან წესების დარღვევის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 3 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ” – ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება.