თუშეთში წარმოებული ჩაი ირლანდიაში, მაღაზიების დახლებზე განთავსდება. საქმე ისაა, რომ სამკურნალო ჩაის და სანელებლების მწარმოებელი კომპანია „უშარო“ მაისის ბოლოს, პროდუქციის სატესტო ვერსიას ირლანდიაში გააგზავნის და დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, საკუთარი ნაწარმის ირლანდიურ ბაზარზე გაყიდვას დაიწყებს.
საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სეხნიაიძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, დიდი ინტერესია ისრაელიდანაც.
შეგახსენებთ, „უშარო“ საოჯახო ტიპის ბიზნესია, რომელიც თუშეთში 5 სახეობის მცენარეულ ჩაის, 3 სახეობის მურაბას და სანელებლებს აწარმოებს. კომპანიის წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება ინგლისში, ლონდონში არსებულ ქართულ მაღაზიაში.