LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, საქართველო ე.წ. 3+3 პლატფორმის ფარგლებში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება

74
გიორგი ჯანჯღავა

„საქართველო 3+3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს“, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ „Daily sabah“-თან საუბრისას განაცხადა.

„საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3 შეხვედრას“, – განუცხადა გამოცემას ჯანჯღავამ.

როგორც მედია წერს, გიორგი ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც „სტრატეგიულ პარტნიორებად“ მიიჩნევს, ხოლო სომხეთს „ისტორიულ და კარგ მეზობლად“.

„მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს“, – აღნიშნა ელჩმა.

მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი იმედოვნებს, რომ საქართველოც დაესწრება მომავალ შეხვედრას.

როგორც გამოცემა წერს, ანკარა არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას, ექვსი ქვეყნის პლატფორმა, რომელიც თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთისგან შედგება, რეგიონში მუდმივი მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის.

ცნობისთვის, ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით, თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები