LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო

99

ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო. თურქულ მხარესთან  მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე გაიცემა 1 500 ნებართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს გადასცეს დამატებითი ნებართვები. მომსახურების ოფისები ადგილზე ნებართვების გასაცემად  შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.

„ჩვენ შევასრულეთ ტრაილერების მძღოლებისთვის მიცემული პირობა, მივაღწიეთ თურქულ მხარესთან შეთანხმებას და დღეიდან დავიწყეთ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა. პროცესი მიდის მშვიდად, ვიმუშავებთ შაბათ-კვირასაც იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეთ თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლებს სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა“ – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი უკავშირდებოდა იმას, რომ ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში თურქული მხარე თურქეთში ცარიელი შესვლისთვის საჭირო  სპეცნებართვას არ გასცემდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები