კოვიდპანდემიის მომდევნო ტალღის შესაკავებლად თურქეთი მორიგ ზომებს მიმართავს – დღეს, საღამოს 19:00 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება და 26 აპრილის დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.
82-საათიანი კომენდანტის საათის შემოღება ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულებს უკავშირდება.
23 აპრილს თურქეთში ეროვნული დამოუკიდებლობის და ბავშვთა დღე აღინიშნება. ქვეყანა ამ დღეს ზეიმობს დიდი ეროვნული ასამბლეის პირველ შეკრებას, რომელიც 1920 წელს შედგა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ვირუსის მასშტაბური გავრცელება, ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზოგადოება არ შეიკრიბება, ამის ნაცვლად კი რამდენიმე დემონსტრაცია და ღონისძიებები ონლაინფორმატში გაიმართება.
შეიზღუდება საქალაქთაშორისო გადაადგილებაც.
მოსახლეობა სახლის დატოვებას 10:00 საათიდან 17:00 საათის მონაკვეთში, მხოლოდ სურსათის მაღაზიებსა და აფთიაქებში გასასვლელად შეძლებს. მოქალაქეები ასევე შეძლებენ მივიდნენ ექიმთან ვიზიტზე, ან გაასეირნონ შინაური ცხოველები.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირაში ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილი შემთხვევების გამო, მოქმედებს სპეციალური ზომები რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებითაც.
ამ დროისთვის, თურქეთი ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირდა 4 446 591 ადამიანი და გარდაიცვალა 36 975 პაციენტი.