LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

141
BeFunky-collage (3)

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც თურქული მედია იუწყება, ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის აფრიკული ქვეყნებისთვის მიწოდებასა და თურქეთის გაზის ჰაბად გარდაქმნის საკითხებზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს კრემლის ვებგვერდიც. მათი ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსულ-თურქული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, ევროპისთვის თურქეთის გავლით რუსული გაზის მიწოდებისა და თურქეთის გაზის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების თემები.

ასევე, პრეზიდენტებმა ისაუბრეს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასა და თურქეთის ინიციატივაზე ტყვეების, პირველ რიგში კი, დაჭრილების გაცვლასთან დაკავშირებით.

რუსული მხარის ცნობით,  ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საომარ მოქმედებებს აძლიერებს.

ამასთან, როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ლიდერმა თურქ კოლეგას უთხრა, რომ მართლმადიდებლური შობის პერიოდისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ოფიციალური კიევის უარი უკრაინის „ფარისევლური პოლიტიკის“ მაგალითია.

„ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც დასავლელი სპონსორების მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გაძლიერებას ეყრდნობა“, – ნათქვამია რუსული მხარის განცხადებაში.

როგორც კრემლში აღნიშნავენ, თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენები პირველ რიგში დაჭრილ პატიმართა გაცვლის საკითხს შეეხებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები