თურქეთის პრეზიდენტი რუსულ სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეძენასა და მომავალში რუსეთთან ერთად მათ ერთობლივ წარმოებაში მონაწილეობის პრობლემას ვერ ხედავს. განიხილება მოლაპარაკების დაწყება С-500-ზეც.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ამერიკული სარაკეტო სისტემა პეტრიოტი უკვე მიმოქცევიდან გადის.
პრეზიდენტის გამოხმაურება ნატო-ში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის, ქეი ბეილი ჰათჩინსონის, განცხადებას მოჰყვა, სადაც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვის საკითხი პრობლემურია. მისი თქმით, აშშ-ის თურქეთთან თანამშრომლობა სურს და მის ინტერესებში არ არის ანკარისა და მოსკოვის დაახლოება.
თურქეთმა რუსეთთან С-400-ის შესაძენად ხელშეკრულება სექტემბრის თვეში გააფორმა და პირველადი შენატანიც განახორციელა. სარაკეტო სისტემების მიწოდება, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება.