ტურიზმში კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ამიტომ მთავრობა მათ წახალისებას აპირებს. ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში განაცხადა, სადაც „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი Welcome to Georgia მიმდინარეობს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული სექტორი, ამიტომ მისი განვითარება მთავრობის პრიორიტეტია.
“ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ტურიზმის განვითარებაში, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კერძო სექტორის წახალისება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ ფორუმზე შედგება კერძო სექტორისა და მთავრობის კომუნიკაცია, შესაბამისად, კერძო სექტორი გაიგებს თუ რას აპირებს სახელმწიფო, რა მიღწევებია ამ მიმართულებით და რა პროექტები ხორციელდება.
“დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ კერძო სექტორმა მოისმინოს ის, თუ რა გეგმები აქვს ხელისუფლებას და ასევე მთავრობამ მოისმინოს თუ რა გეგმები აქვს კერძო სექტორს. ”საერთო ჯამში, ერთობლივად სახელმწიფომ და კერძო სექტორმა მიაღწიოს იმ წარმატებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას სურს, კერძო სექტორი ტურიზმში უფრო აქტიური იყოს.
„გვინდა წავახალისოთ კერძო სექტორი, რომ რაც შეიძლება აქტიური იყოს. ვისაუბროთ იმ სერვისებზე, რომელიც შეიძლება კერძო სექტორმა დანერგოს და ტურისტების იმ მოსალოდნელ ნაკადზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვექნება წელს. ძალიან კარგი ციფრები გვაქვს, წლის დასაწყისიდან 17%-იანი ზრდა გვაქვს, რომელიც პირდაპირ აისახება, როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ეროვნული ვალუტის სიმყარეზე და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ფორუმს ესწრება თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და Welcome to Georgia! National Tourism Award-ის დამფუძნებელი და დირექტორი მარინა ჩაიკა.