საქართველოს არგენტინის ტურიზმის მინისტრი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა არგენტინის ტურიზმის მდივანს გუსტავო სანტოსს, არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბეატრის ავილას და ევროკავშირთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს ესეკიელ ფერნანდესს ლანგანს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არგენტინასა და საქართველოსთვის. ითქვა, რომ არსებული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არგენტინის ტურიზმის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი.
არგენტინელი მინისტრის განცხადებით, იგი მოხარულია ეწვიოს საქართველოს, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, არსებული გამოწვევების მიუხედავად ბევრს მიაღწია. მხარეები მიესალმნენ ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის სფეროში არგენტინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რომელსაც ხელი გუსტავო სანტესის ვიზიტისას მოეწერება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში არგენტინის მდიდარ გამოცდილებას. თავის მხრივ ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში ტურიზმის მზარდ ინდუსტრიას და აღნიშნულ სფეროში არგენტინასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში ცნობადობის ამაღლებისა და კულტურული კავშირების დამყარებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანზიებას, ამ მხრივ მხარეები შეთანხმდნენ ხელო შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების დაახლოებას და მედია საშუალებების აქტიურ ჩართულობას როგორც არგენტინაში საქართველოს პოპულარიზაციის, ასევე, საქართველოში არგენტინის შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არგენტინის საკანონმდბელო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესზე, ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე. ასევე, საქართველოს წამყვან საერთაშორისო პოზიციებზე ბიზნესის წარმოების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს თვალსაზრისით.