LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში World Travel Market-ზე მონაწილეობს

120
გამოფენა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

World Travel Market-ზე (WTM) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო, ასევე, თბილისის მერია, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები მონაწილეობს.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საქართველოს სტენდთან საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას,  იხილონ ვიდეორგოლები და შეიტყონ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ  ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით.

„მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში,  საქართველო საკმაოდ დიდი სტენდით იქნება წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი ქვეყანა, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება, მთელ მსოფლიოს გავაცნოთ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს კი საშუალება აქვთ იპოვონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

„დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით. დროული და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პრესტიჟულ გამოფენაზე საქართველო მასშტაბურადაა წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, ამ რამდენიმე დღეში საქართველოს უნიკალურ ტურისტულ პოტენციალს ბევრი ბრიტანული კომპანია აღმოაჩენს“, – განაცხადა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.

WTM London 2023-ზე 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.