საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, უკრაინის დედაქალაქ კიევში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პერსპექტივებს გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უკრაინის 50-მდე უმსხვილესი ტურისტული და ავიაკომპანიისათვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან და უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით მოეწყო.
პრეზენტაციის მიზანი უკრაინის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის საინტერესო და მიმზიდველი მიმართულების ჩვენება იყო. პრეზენტაციაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს 14 წევრი სასტუმრო და ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. პრეზენტაციის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლებს უკრაინელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცათ.