LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმი და ინვესტიციები – როგორ აისახება ბოლო დღეების მოვლენები ეკონომიკაზე

286

მიაყენებს თუ არა დარტყმას ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებული მოვლენები ქართულ ეკონომიკას და  აისახება თუ არა ეს ყოველივე ტურიზმსა და ინვესტორების შემოდინებაზე? – ამ კითხვებით ”ფორტუნამ” ეკონომისტებს გიორგი პაპავასა და სოსო არჩვაძეს მიმართა.

არჩვაძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სერიოზული გავლენა ინვესტორებისა და ვიზიტორების შემოდინებაზე არ ექნება.

”მაგ ლოგიკით დღეისათვის ტურიზმი დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც ბოლო წლებში ტეროტისტების სამიზნე მრავალჯერ გახდნენ, საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს. ბუნებრივია, ის ფაქტი, რაც მოხდა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა ჯერჯერობით იმის თქმა, რომ ეს ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, გადაჭარბებულია”, – აცხადებს არჩვაძე.

მისი თქმით, საქართველოს ბევრ რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით უდიდესი პოტენციალი აქვს, რაც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. ამიტომ, მომდევნო წლებში ეკონომიკის ექსპერტი ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ელის.

რაც შეეხებათ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, ასევე პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას გეგმავენ, არ მგონია, ამ ერთმა პრეცენდენტმა მათი გეგმები შეცვალოს. იმის რიკსს რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებული მოვლენები ქართულ ეკონომიკას რაიმე სერიოზულ ზიანს მიაყენებს, მე ვერ ვხედავ”, – განმარტავს სოსო არჩვაძე.

ეკონომისტი გიორგი პაპავა კი ამბობს, რომ ჯერ პროგნოზირება, რა ბედი ელის ქართულ ტურიზმს, ან შემცირდება თუ არა ინვესტორების რიცხვი, ნაადრევია.

”სიმართლე გითხრათ მე ჯერ ვერ გავიგე რა მოხდა, ვინ დავაკავეთ, ან რასთან გვქონდა საქმე – რამდენად მნიშვნელოვანი პირები დავაკავეთ, ესენი იყვნენ მსოფლიო მასშტაბის ტერორისტები, თუ რაიმე სხვა დაჯგუფება, არ ვიცი… უცხოურ მედიაში იწერება კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა ჯერჯერობით ქართული მხარე დეტალებზე არ საუბრობს. ამიტომ,  სანამ არ გვეცოდინება რა აღვკვეთეთ, რთულია ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება.

სასიამოვნო ნამდვილად არ იყო ის ფაქტი, რაც მოხდა. მსგავი ფაქტები ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხო იმიჯს. ზოგადად, ტერორისტული აქტები, ბუნებრივია ტურიზმზე, ინვესტიციებზე მოქმედებს ნეგატიურად. ჩვენთან რა მოხდა ჯერჯერობით ბუნდოვანია, ამიტომ ამ მოვლენების გავლენებზე საუბარიც ქვეყნის ეკონომიკაზე, ნაადრევია.  თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ნამდვილად წარმოშობს გარკვეულ რისკებს”, – აღნიშნა გიორგი პაპავამ და დასძინა, რომ უცხოელი მეგობარი აშშ-დან შეეხმიანა და გამოუგზავნა უცხოური სტატიების ლინკები, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერდნენ: ”მან მე შეშფოთებულმა მკითხრა, რა ხდება თქვენთან, ხომ კარგად ხართო”.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელის გამზირზე განვითარებული მოვლენებით საქართველო არაერთი უცხოური მედიასაშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები