LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტულ სექტორს გვერდით დავუდგებით: საქართველოს პრეტენზია ექნება ლიდერი გახდეს

109
117994037-1771651249639438-5073658933431904290-o

“ვფიქრობთ, რომ ტურიზმის სექტორისთვის საქართველოში პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში, ტურიზმის სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური კრიზისი, პანდემია, ქვეყნის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობად უნდა იქცეს.

“საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება შეძლო და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი. მსოფლიოსთვის ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი მოვლენა სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმია, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით, საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ამასთან, გახარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა საქართველო, არსებული გამოწვევების პირობებში, გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდეს.

“საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა, მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, ვიდრე გლობალურად ტურიზმის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება. ჩვენ ტურისტულ სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით.

მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იყო და რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1 პროცენტი გახლავთ.

მხოლოდ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული – 9.4 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც 3 700 000-იანი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, ასევე ტურიზმის სექტორის განვითარებას.

გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას აქტიური კამპანიების განხორციელებითა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით, ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ქვეყანაში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ხელშეწყობაზე და ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს, ხელს ვუწყობთ ახალ პირდაპირ ფრენებს, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირებას და ტურისტული ქსელის განვითარებას. ზემოაღნიშნული ღონისძიებებით და საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო გამოწვევების, არსებული კონკურენციის თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელს პირველად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში ჩატარდა.