LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები იყალთოში თიხის ჭურჭლის დამზადებას ისწავლიან

809

სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს „ქვევრის სახლის” მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური  განვითარების ახორციელებს.

როგორც ”ფორტუნას” ფონდში განუცხადეს, ქვევრის სკოლა-სახელოსნო იყალთოს მონასტერთან შენდება და მისი ღირებულება 2 290 366 ლარია. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებაა.

პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი შენობა, სადაც ქვევრის დასამზადებელი საამქრო განთავსდება. გარდა ამისა, ობიექტს ექნება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. „ქვევრის სახლში“ იქნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფეც.

”ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი. ამას გარდა, მოეწყობა წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის და გაზმომარაგების  სისტემები. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია” – განუცხადეს ”ფორტუნას” მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დასრულებულია პირველი სართულის კედლების ამოყვანა და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები.

”პროექტის ძირითადი ბენეფიციარები კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები იქნებიან, სადაც ისინი გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნობიან ქართულ ძირძველ ტრადიციებს და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი და შენარჩუნდეს უძველესი ტრადიციები. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოების გამო – ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკო-ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული, რაც პროექტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის” – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე განმარტებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ”ქვევრის  სახლში” ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. მშენებლობის პროცესში 70 ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები