LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურფა დილა საღამოს დიდების მოლოდინში – ქართული აქციების რეალობა

244
DSC-6470.JPG

ქართული აქციების კალენდარი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, წითლად მონიშნული კვირის დღეების მიხედვით, ხშირად ამოხაზულია. ქართული რეალობა ყოველდღიური ცხოვრებით უკვე ასოცირდება საპროტესტო ტალღასთან, რომელიც ჩვეულებრივად ნელი სიოს მიწოლით დასაწყისში ძალას იკრეფს, თუ ძლიერმა ქარმა დაუბერა ამაღლდება კიდევაც და ბოლოს აქაფებული ნაპირზე დაიშლება. მსგავსმა არაერთმა ტალღამ გადაუარა საქართველოს, ხან სასურველი და ხანაც სავალალო შედეგებით, თუმცა მიუხედავად მწარე გამოცდილებებისა, მაინც ივსება წითელი ციფრებით ქართული საპროტესტო აქციების ახალი კალენდარი.

ბოლო წლებს თუ გადავხედავთ ყოველი დღე თენდება და ღამდება აქციებით; ანონსებით მოსალოდნელი პროტესტის შესახებ; პარალელურად გამართული რამდენიმე გამოსვლის შესახებ, მანიფესტაციის შესახებ; დაშლის, დარბევის, დაკავების, დასახიჩრების, დაპირისპირების, სასამართლო პროცესების, უკანონო და კანონიერი უფლებების და კიდევ სხვა მრავალი ამბებით. ჩამოთვლილთაგან ყველა და ცოტა მეტი დამატებული სასჯელი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად დაგვებედა და გრძელდება დღემდე.

დღევანდელი „ტურფა“ დილაც არ იყო განსხვავებული. დღევანდელი დღეც აქციით დაიწყო, ისევ საპროტესტო შეძახილებით და მიმართვებით. ყველა საინფორმაციო მაუწყებლობა იწყება ახალი ამბით, რომ კონკრეტულ ადგილას გაიმართა აქცია, ან მიმდინარეობას ან გაიმართება. დღეს დილას უკვე გაიმართა, შუადღეს კიდევ ელოდებიან, საღამოს კი ფართომასშტაბიანისთვის ემზადებიან. უკვე ის ცნობილი ფრაზა „გვეშველება რამე?“ – გაიცვითა და ეფექტი დაკარგა. რა უნდა გვეშველოს, ვინ უნდა გვიშველოს?! შეშფოთებაც და აღშფოთებაც გამოელიათ დასავლეთში.

საქართველოს მთავრობა შიშობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს. თავის დაზღვევის მიზნით უკვე სამთავრობო დაწესებულებებში წინასწარ შეყავთ პოლიცია და სხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლები. დღევანდელი აქციისთვისაც ემზადება მმართველი უმრავლესობა, ამიტომ პარლამენტის შენობაში გათენებამდე შეიყვანეს რამდენიმე ავტობუსით სავსე სამართალდამცველები.

ოპოზიცია, გაერთიანებული ფორმატით, ბოლო კონსულტაციებს გადიოდა ლეიბორისტული პარტიის ოფისში. ბევრი ითათბირეს თუ ცოტა, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სისტემის განახლებული მოდელი შესთავაზეს, რომელიც მათივე მტკიცებით, სრულიად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა და რომელიც ყოველთვის ერთიდაიგივე გადაწყვეტილებით მთავრდება. არც რეფერენდუმი ჩატარდება და არც პლებისციტი, კახი კალაძემ 2020 წლის არჩევნებისთვის არაფრის შეცვლას არ ვაპირებთო.

თემა დახურულია: 2020 წლის არჩევნებისთვის არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ” – კახა კალაძე (ვიდეო)

ეროვნულ და საეკლესიო დღესასწაულებზე დასვენების საშუალებას არც მთავრობა იძლევა და არც ოპოზიცია. მთავრობა სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეშია ჩაყვინთული კომოს ტბაში, რომელიც ჩაძირვას ქართული მედიის საშუალებით გადარჩა და ქვეყანაში სასწრაფოდ დაბრუნდა. არც სამშობლოში დახვედრია ნუგეში თალაკვაძეს და სამი დღის შემდეგ იძულებით, აღიარებითი განმარტება გააკეთა.

კი ბატონო, ყველას აქვს დასვენების უფლება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, როცა გვინდა და ვისთანაც გვინდა, მაგრამ ქვეყნის მშენებლობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის კურორტზე ყვინთაობას ადვილად არ პატიობენ და მით უმეტეს არ ივიწყებენ.

ქართული საზოგადოება კი დიდი ხანია მთავრობის და ოპოზიციის დაპირისპირებას უყურებს დილიდან საღამომდე, აქციებს ესწრება გათენებამდე, კარავში ზის რამდენი წელია, რეზინის ტყვია მოხვდა რამდენჯერ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ბევრჯერ, გაზით მოწამლეს, თვალი დასთხარეს, დაპირება არ შეუსრულეს, მოატყუეს, უკანონოდ მოექცნენ, მაგრამ ეს არის ქართული რეალობა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დღემდე, თავისი აქციების აღმნიშვნელი, წითელი ციფრებით მონიშნული კალენდრით.

„გიორგობის მადლი გაგიწყრეთ თქვენა…რა ტენდერები აგიტყდათ ამ გიორგობა დღესა” – იოსებ მაკრახიძის წყევლა „მთავარ არხს” (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები