პედიატრმა მაია ჩხაიძემ ვრცლად ისაუბრა მნიშვნელოვან თემაზე, რატომ ხდება გაზაფხულის პერიოდში სეზონური ვირუსების აფეთქება:
„გაზაფხული ზოგადად ითვლება ალერგიის სეზონად. სეზონური ვირუსები ამ დროს უფრო ნაკლებად არის. ზაფხულის სეზონის დაწყებისას უკვე გვხვდება ვირუსები, რომლებიც მიდის დიარეით, ღებინებით, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის დიდი გავრცელების შედეგად, ომიკრონის შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ასპარეზზე გამოჩნდა სხვა ვირუსები. მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელდა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტი, რომელიც უფრო ხშირად რესპირატორულ სინციტიალური ვირუსით არის განპირობებული. ამჟამად მისი სეზონურობა გახანგრძლივდა. ის უფრო მარტისა და აპრილის თვეში არის ხოლმე და შემოდგომაზე. იმ პერიოდში, როდესაც ომიკრონი ბობოქრობდა, მან სხვა ყველა ვირუსი გადაფარა. ძალიან ხშირი იყო ბავშვებში შემთხვევები, როდესაც მათ ორი ვირუსი ერთად ჰქონდათ.
ამჟამად გავრცელებულია ისევ რესპირატორული ვირუსები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვეულებრივად ზედა სასუნთქი გზების კლინიკური ნიშნებით. ეს არის რინორეა, ხველა და რაც მთავარია, მაღალი ცხელება, რომელიც შეუპოვარი ხდება ხოლმე და ამის გამო აკითხავენ მშობლები კლინიკებს ძირითადად. სიცხე ცუდად ემორჩილება დამწევს.
როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია არ იყო მარტივი ინფექცია, როგორც ზოგს ეგონა. ეს არ არის სახადი ინფექცია რასაც ჰქვია წითელა, წითურა და ა.შ. მან ყველა ადამიანს დაუტოვა პოსტკოვიდურ პერიოდში გარკვეული ჩივილები. ბავშვებში ეს ჩივილები არის დაქვეითებული იმუნიტეტი. როგორც კი გაიხსნა საბავშვო ბაღები, თუკი ერთი ბავშვი მაინც მივა ბაღში, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექცია და ცხელება აქვს, ის გამოყოფს ამ ვირუსს, რასაკვირველია და გადაცემა ხდება მარტივად“ – განაცხადა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.