„რუსთავი 2“, ჩემი აზრით, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ტელევიზია, თუმცა ეს არ იძლევა უფლებას, ვინმე ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში“ – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური მიკერძოებულობა არის მედიის განვითარების პრობლემა და მის მოგვარებაზე თავად მედიამ უნდა იზრუნოს.
„გულწრფელად რომ გითხრათ ვფიქრობ, რომ ბალანსის თვალსაზრისით, „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ტელევიზია, ეს არაერთგზის თქმულა, მათ შორის – თქვენს გენერალურ დირექტორსაც გამოუთქვამს საკუთარი სიმპატიები. თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ამის გამო რაიმე ზიანი მიაყენოს ტელევიზიას, მოახდინოს ინსპირირება, გამოიყენოს სახელმწიფო ბერკეტები და შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. მე შეიძლება არ მომწონდეს ტელევიზია, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, შევაფერხო მისი მაუწყებლობა. ეს ჩვენი განვითარების მაჩვენებელია, ჩვენი პრობლემაა, მედიის. ზოგადად, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს შიგნით, მედიას. უნდა ვცადოთ, გადავიდეთ უფრო მაღალი განვითარების ეტაპზე, ნაკლებად ჩავერიოთ პოლიტიკაში და ნაკლებად დავიჭიროთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარე, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.