LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუბერკულოზი საბავშვო ბაღში – სამინისტრო აღმზრდელთა ჯანმრთელობაზე მონიტორინგს ამკაცრებს

საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და ძიძების ჯანმრთელობის კრიტერიუმები გამკაცრდება. ჯანდაცვის სამინისტრომ, ბაგა-ბაღების სააგენტოსთან ერთად, იმ დაავადებების ნუსხაზე დაიწყო მუშაობა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც,  პერსონალს ბავშვებთან მუშაობა შეეზღუდება.   

„დაავადებათა ნუსხა, რომელიც აღმზრდელების და პერსონალის ბაგა-ბაღში მუშაობას  შეზღუდავდა , თუნდაც დროებით, საერთოდ არ არსებობს. საკითხზე მუშაობა ბაგა-ბაღების სააგენტოს ინიციატივით დაიწყო და ერთ -ერთი მიზეზი ბაღში ტუბერკულოზის შემთხვევის დაფიქსირება გახდა. შესაბამისად, დაავადებათა სიაში ერთ- ერთი არის ტუბერკულოზი. სხვა რომელი დაავადებები მოხვდება აღნიშნულ ნუსხაში საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებთ,  სპეციალისტებთან ერთად გადაწყდება,” –  განუცხადა „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტმა, მარინა ბაიდაურმა.

აღმზრდელთა ჯანმრთელობაზე მონიტორინგის გამკაცრების მიზეზი თბილისის ერთ- ერთ ბაგა ბაღში მომხდარი ინციდენტია. ტუბერკულოზით დაავადებული მასწავლებელი, რომელმაც ავადმყოფობის შესახებ არ იცოდა, მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობდა.  დაავადების გამოვლენის შემდეგ ჯგუფის 27  ბავშვი ტუბცენტრში შემოწმებაზე მიიყვანეს.  

როგორც „ფორტუნას“ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნანა ქირიამ, განუცხადა, ბავშვებს რენტგენოლოგიური კვლევით ტუბერკულოზი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დაინფიცირებას, ე.წ. მანტუს ტესტის პასუხები სრულად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება აღმზრდელს, ის მკურნალობის კურსს ტუბცენტრში გადის.

როგორც „ფორტუნას“ ტუბერკულოზის ცენტრში  მიაწოდეს ინფორმაცია, აღმზრდელმა ბაღში 21 სექტემბერს ჯანმრთელობის  ცნობა მიიტანა,  სადაც ეწერა, რომ ის ჯანმრთელია და ტუბერკულოზი არა აქვს.

„აღმზრდელმა სექტემბერში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც არ იყო პროფილური მიიღო ჯანმრთელობის ცნობა, სადაც ეწერა, რომ  ტუბერკულოზის სწრაფი ტესტით მას დაავადება არ გამოუვლინდა და არის ჯანმრთელი. არაპროფილურ დაწესებულებაში და მით უმეტეს სწრაფი ტესტით ჩატარებული კვლევა არავალიდურია . მსგავსი კვლევის ჩატარება  და ცნობის გაცემა პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა ხდებოდეს,“ – ამბობს ტუბერკულოზის ცენტრის ხელმძღვანელი “ფორტუნასთან“ საუბარში.

ბაგა-ბაღების სააგენტოს  ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის, ინფორმაციით, ბაგა-ბაღის ჯგუფი , სადაც აღნიშნული ინციდენტი დაფიქსირდა, რამდენიმე დღე დაკეტილი იყო და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა. ჯგუფში სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური სამსახურისგან ნებართვის შემდეგ განახლდა.

რაც შეეხება სხვა სასწავლო დაწესებულებებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაგა-ბაღების პერსონალისთვის დაავადებათა ნუსხის შემოღების შემდეგ შესაძლოა, აღნიშნული ნორმა სკოლებზეც გავრცელდეს.  

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის მონაცემებით, ტუბერკულოზის შემთხვევები ბოლო 10 წლის განმავლობაში კლებადია და უფრო მეტად ზრდასრულ ასაკში ფიქსირდება,  ვიდრე მოსწავლეებსა და ბაღის ასაკის ბავშვებში.

„საქართველოში ტარდება  ე.წ. ბცჟ  აცრა, რომელიც ნაწილობრივ და არა სრულად იცავს ბავშვებს ამ დაავადებისგან. სკოლაში ან ბაღში დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მშობლების ყურადღება,  რათა დაავადება საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს და დაინიშნოს მკურნალობა,“ – ამბობს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცირა მერაბიშვილი.

ფილტვის ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის  დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, განკურნება შესაძლებელია.

ფილტვის ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ხველა ნახველით;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა;
  • წონის კლება;
  • სისხლიანი ნახველი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • უმადობა;
  • საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა;
  • ქოშინი.

ტუბერკულოზის ცენტრის ექიმების განმარტებით, 5 წლამდე ბავშვების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ იმუნიტეტს ინფექციასთან დამოუკიდებლად გამკლავება უჭირს. დაინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში,  დაავადების თავიდან ასაცილებლად ბავშვებს მკურნალობა ენიშნებათ.

 

თამუნა გოგუაძე