LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უკრაინა დათმობებზე წავა, მისი კომპრომისი სავარაუდოდ, შეიძლება უკრაინის მისწრაფებებს, მის საგარეო პოლიტიკურ კურსს შეეხოს: გიორგი ანთაძე

233
გიორგი ანთაძე

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა გიორგი ანთაძემ ისაუბრა.

გიორგი ანთაძე ვარაუდობს, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდები კიდევ გაიმართება. როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ მოლაპარაკებებზე ორივე ქვეყნის წარმომადგენლები უნდა შეთანხმდნენ კომპრომისზე.

კითხვაზე, რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს უკრაინული ან რუსული მხარე – გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ თუ უკრაინა კომპრომისზე წავა, მისი კომპრომისი სავარაუდოდ, შეიძლება უკრაინის მისწრაფებებს, მის საგარეო პოლიტიკურ კურსს შეეხოს, ვინაიდან სასწორის მეორე მხარეს კიევისთვის ტერიტორიული მთლიანობა და დამატებით კიდევ მიწების დაკარგვის საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება მოსკოვის მხრიდან შესაძლო კომპრომისზე წასვლას, გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან დათმობაზე წასვლა ნიშნავს, კრემლის და ვლადიმერ პუტინის თაოსნობით დიდ კომპრომისზე წასვლას, რაც გამორიცხულია, რადგან მას პოლიტიკური სახის შენარჩუნება უდგას რუსეთის აუდიტორიის წინაშე.

„როდესაც ასეთი კონფლიქტი მიმდინარეობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი საკმარისი იყოს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისათვის, რადგან რეალურად სასწორზე უკრაინის ეროვნული ინტერესებია და მეორე მხარეს – პუტინის მიერ გამოცხადებული ულტიმატუმია.

მოლაპარაკებები გამოიყენება, არამარტო პოლიტიკური პოზიციების დასაფიქსირებლად, არამედ, როდესაც პარალელურად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ამდაგვარი პაუზები გამოიყენება, შესაბამისი გადაჯგუფებისათვის, პაუზას სამხედრო მნიშვნელობაც გააჩნია.

ვფიქრობ, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა იქნება ის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე მოახდენს გავლენას. მოლაპარაკებები თავისი არსიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისს და ასეთ კომპრომისზე წასვლა კიევისთვის სამწუხაროდ აუცილებელი გახდება, რათა დასრულდეს ეს კონფლიქტი.

თუ რა სახის კომპრომისი იქნება, ამის შესახებ მომავალში უფრო გამოიკვეთება დეტალები. ამ მომენტში არჩევანი დიდი არ არის. ვინაიდან საბრძოლო მოქმედებები პოზიციურ ხასიათშია გადასული და ჩიხური სიტუაციაა შექმნილი, ეს რომ შეიცვალოს. ან რუსეთმა უნდა შეძლოს ხელახლა გენერალური გამარჯვებების მიღწევა, რაც კიევს აიძულებდა ფაქტობრივ კაპიტულაციას ან უკრაინას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დიდი კონტრშეტევა განახორციელოს და რუსეთს მიაყენოს გადამწყვეტი მარცხი. იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი აღნიშნული სცენარი ამ ეტაპზე არ იკვეთება, კომპრომისის აუცილებლობა ჩნდება.

ამ შემთხვევაში კომპრომისი სავარაუდოდ, შეიძლება უკრაინის მისწრაფებებს, მის საგარეო პოლიტიკურ კურსს შეეხოს, ვინაიდან სასწორის მეორე მხარეს კიევისთვის ტერიტორიული მთლიანობაა და დამატებით კიდევ მიწების დაკარგვის საფრთხე. 

მძიმე სიტუაციაშია დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტობრივად არჩევანის გაკეთება შეიძლება მოუწიოს ნეიტრალიტეტს, მისი კურსის მისწრაფებების გვერდზე გადადებასა და დამატებით ტერიტორიების დაკარგვას სორის. შესაბამისად, ბოლო განცხადებები, რაც კიევის პირველმა პირებმა გააჟღერეს, სავარაუდოდ ასე უნდა აღვიქვათ, რომ კომპრომისები ამ მიმართულებით იქნება.

სხვა დიდი არჩევანი ჯერჯერობით არ იკვეთება. არც მესამე მხარე არ ჩანს, რომელიც შეიძლება ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში. ალბათ, კიდევ გაიმართება მოლაპარაკებები და სავარაუდოდ, კიევს სწორედ ამ მიმართულებით მოუწევს კომპრომისების მოფიქრება.

რუსეთის მხრიდან დათმობაზე წასვლა ნიშნავს, კრემლის და ვლადიმერ პუტინის თაოსნობით დიდ კომპრომისზე წასვლას, რაც გამორიცხულია, რადგან მას პოლიტიკური სახის შენარჩუნება უდგას რუსეთის აუდიტორიის წინაშე. ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მარცხის აღიარება არ მოუწიოს“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.