LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ თქვენ ცეკვით ვირუსის გავრცელების გეშინიათ, დაგვიჯერეთ, აღარ ეცეკვებათ ადამიანებს, მხოლოდ ინერციით მოდიან, სხედან“ – მარანი

141
ფფფ

მთავრობის მიერ სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს თბილისში მდებარე რესტორან „მარანის“ და მცხეთაში მდებარე „მარანი ჰოლის“ დირექტორი მალხაზ ნუცუბიძე აფასებს. ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შექმნილი სიტუაციის გამო დაწესებული ასეთი რეგულაციები, უბრალოდ, ან ნაჩქარევია, ან ხელმეორედაა გადასახედი.

„თითქოს ახალი არაფერი ხდება და თითქოს ამ ყველაფრისთვის ვემზადებოდით. ველოდით კიდეც. დავიკეტეთ… ასეთი მოცემულობაა სამყაროში, სხვა არჩევანი უბრალოდ არც არსებობს. კი ბატონო, ეს ასეა, რად უნდა ამას ამდენი ლაპარაკი, რომ უნდა დავუდგეთ სახელმწიფოს და, ერთმანეთს გვერდში და უნდა გადავრჩეთ. რად გვინდა რამე თუ, ადამიანები არ გვეყოლებიან ირგვლივ და, რაც მთავარია, რა ფასი აქვს ადამიანობადაკარგულ, შეშინებულ, სიცოცხლის უუნარო სახის ყურებას. პირველი კარანტინის დროს ასე არ გაგვჭირვებია. ახლა ბევრად გართულდა გადარჩენისთვის ბრძოლა. ზამთარი ამ ყველაფერს კიდევ სხვანაირად ამძიმებს, იმედიც აღარაა. არ დავიწყებთ გაგონილის მოყოლას, ჩვენს მაგალითზე გვინდა, ცოტა რამ გიამბოთ, რომელიც გარედან პომპეზური ჩანს და, მისი მიხედვაც ასეთივე მასშტაბით გვიწევს. 140 ადამიანი ერთმანეთს შევყურებთ თვალებში, რომ ეს ამდენხნიანი თანაგუნდელობა არ დაგვეშალოს. წინა კარანტინში რაღაცნაირად მოვახერხეთ, გახსენებაც არ გვინდა. ახლა უკვე ძალიან გვიჭირს. თბილისის “მარანი”-დან და მცხეთის “მარანი ჰოლი”-დან ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით, 25-30 ათას ლარს ვრიცხავთ( თუ გადავაცილებთ დროს, ჯარიმა ან ყადაღა გარდაუვალია, შეღავათი არ არსებობს, არც გამონაკლისი). აბსოლუტურად კარგად გვესმის განგაშის და, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა, მაგრამ ამ შექმნილი სიტუაციის გამო დაწესებული ასეთი რეგულაციები, უბრალოდ, ან ნაჩქარევია, ან ხელმეორედაა გადასახედი. მანამდე დრო გაქვთ და, იმედია მართლა გაითვალისწინებთ, რომ თუკი 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით თითქმის ყველაფერი იხსნება, და ჩვეულებრივად შეძლებენ მუშაობას,ნამდვილად იმსახურებენ რესტორნებიც ამ პირობის გაზიარებას. შეიქმნას მანამდე კომისია, მობრძანდით, შეამოწმეთ, ისევ გადათვალეთ თქვენებურად რამდენ კაცზე იქნება შესაძლებელი ყველა წესის დაცვით სტუმრის მიღება და, ჩვენც მოგვეცით საშუალება, თვითგადარჩენის. დიდი პასუხისმგებლობაა დღეს სამსახური, ადგილის შენარჩუნება და, თანამშრომელისთვის ხელფასის გაცემა. მთელი წელი სტრესში გავატარეთ ყველამ და, ამ შობა- ახალ წელს, რომელიც გამორჩეული რიტუალია ადამიანისთვის, როგორმე ჩვენც შეგვახვედრეთ დაუშლელად, სამსახურშენარჩუნებულად და, გადარჩენის იმედით. ეს იქნება რამდენიმე ადამიანის ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება. თუ თქვენ ცეკვით ვირუსის გავრცელების გეშინიათ, დაგვიჯერეთ, აღარ ეცეკვებათ უკვე ადამიანებს, მხოლოდ ინერციით მოდიან, სხედან და არაფრისმეტყველი თვალებით ძლივს იღიმიან. ძალიან რთულია, საშინელი სანახავია, ჩვენს თვალწინ როგორ შეიცვალნენ, ჩვენი კარგად ნაცნობი, მუდმივი სტუმრები და იქცნენ სევდიან, გაუცხოებულ “კლიენტებად”. ჩვენ ხომ სხვანაირი სტუმარ-მასპინძლობა გვქონდა, უცხოელიც კი შინაურდებოდა და გვიერთიანდებოდა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჯერ არის დრო და, გაითვალისწინეთ რესტორნის თანამშრომელთა და მათ უკან მყოფი ადამიანების ყოფაც. ეს რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხე იყოს, ამაზე არც ვიფიქრებდით, მაგრამ ოჯახების გადარჩენის საფრთხეა და, მათ გადასარჩენად ამ რამდენიმე დღიან გახსნაში, იქნებ როგორმე რესტორნებიც შეიყვანოთ- რა თქმა უნდა, ყველა წესების დაცვით და, ნებისმიერ დროს შემოწმებით. დღეს პირველი დეკემბერია, მშვიდობიანი, თბილი და, ჯანმრთელი გამოზამთრება გვისურვებია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის”, – წერს „მარანის“ და „მარანი ჰოლის“ დირექტორი მალხაზ ნუცუბიძე.

შეგახსენებთ,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (სტია) ქვეყნის პრემიერ–მინისტრს მიმართავს და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ითხოვს, რომ გაუქმდეს ინდუსტრიის დაკეტვა და დაწესდეს წერტილოვანი შეზღუდვები. ამ მოთხოვნებს შორის არის  სარესტორნო სფეროს დახურვის გაუქმებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები