LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შვილებს არ დამიბრუნებენ, ბენზინს გადავისხამ – გარდაცვლილი 4 წლის გოგოს მამინაცვალი

120
arkadizavashvili

თუ ჩემ შვილებს არ დამიბრუნებენ, იძულებული გავხდები ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალმა, არკადი ძავაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ადგილსამყოფელი 22 იანვრის შემდეგ არ იცის.

„ჩემი შვილები დამიბრუნონ! უკვე ისეთ დღეში ვარ, რაღაცას ავუტეხავ ჩემ თავს. სად არიან არ ვიცი და არც მეუბნებიან, მაჩვენონ, რომ ცოტა დავწყნარდე, ორივე ჩემი შვილია. სახლში მივიყვან და მივხედავ. მთავრობა ახლა თუ მეხმარება, დაუნიშნონ ჩემს ბავშვებს ძიძა, მეც მივხედავ. უფროსი შვილი და სიდედრიც დამეხმარებიან. ბავშვები 22 იანვრის შემდეგ არ მინახავს, ძალიან ცუდად ვარ მათი უნახაობით,”- აცხადებს ძავაშვილი.

მისივე განმარტებით, ლელა ქსოვრელი უსამართლოდაა დაკავებული და ის ბავშვებზე ფიზკურად არ ძალადობდა.

„იმ საღამოს ლელამ ბავშვი აბანავა. სახლში რომ მივედი, ღამის 2 საათი იყო, მეუღლემ მითხრა, ბავშვი სახლში ვაბანავე, გადმომიხტა, თავით დაეცაო და ხვალ იქნებ პოლიკლინიკში წავიყვანოთო. მანამდე ბავშვს სიცხე, ვირუსი ჰქონდა, ელოდებოდა ვირუსი გასვლოდა, რომ ებანავებინა.

როგორც ვიცი, პოლიციას სახლიდან რაღაც რკინა წაუღია, ვითომ, ბავშვისთვის ეს რკინაა ჩარტყმული და ამით არის მკვდარი. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ანაბეჭდები უნდა ამოვიდეს,” – აცხადებს ქსოვრელის მეუღლე.

ის კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას, რის მიხედვითაც, ქსოვრელი შვილზე სისტემატიურად ძალადობდა.

“დედაჩემი 90 წლის ქალია, სულ ვეუბნებოდი, ლელა ბავშვებს არასწორად თუ მოექცეოდა, ან სცემდა, ჩემთვის ეთქვა. მეზობლები, პატრულები მეკითხებოდნენ, ხომ არ სცემს, წივილ-კივილი გამოდისო. მე ხო ვიცოდი რატომ გამოდიოდა ეს ხმა, ბავშვს ერთი წვეთი წყალი რომ დასხმოდა, გადმოხტებოდა, ხან ტანს მიარტყამდა, ხან თავს,” -აცხადებს ძავაშვილი.

ის დედის მხრიდან მეორე შვილზე, ლუკა ქსოვრელზე ძალადობასაც გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ბავშვი დაზიანებებს ცელქობის შედეგად იღებს.

“სახურავზე ადიოდა, ვუშლიდი, არ ახვიდე, დენია, დაგარტყამს და მოკვდები-მეთქი. ხან იქიდან ვარდებოდა, ხან სხვა ადგილიდან. მე გასული ვიყავი ხოლმე სახლიდან, ლელა კიდევ ყოველ წამს ყურადღებას ვერ აქცევდა,” – განაცხადა ძავაშვილმა.

პროკურორის განცხადებით, ლელა ქსოვრელს მეორე შვილზე ძალადობასაც ედავებიან. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაზიანებები მის მეორე შვილსაც აღმოაჩნდა და მათ წარმომავლობას ექსპერტიზა დაადგენს.

ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები