როგორ ხედავს შერიგების პროცესის პერსპექტივას და რა სავარაუდო სცენარი შეიძლება განვითარდეს ამ მიმართულებით – ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში გამართულ მიღებაზე და შერიგებასთან დაკავშირებით დიალოგის წარმოების საკითხს აფასებს და სავარაუდო სცენარს განიხილავს.
მისი შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა კარგია, თუმცა ექსპერტი პრობლემას პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების მხრიდან წინაპირობების დაყენებაში ხედავს.
„არ მგონია შერიგების იდეის ავტორს (სალომე ზურაბიშვილს) ამის ილუზია ჰქონდეს, მაგრამ დასაწყისისთვის ეს ინიციატივა, ცხადია კარგია, თუნდაც იმისთვის, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს შეხვდნენ. ძალიან კარგი იქნება ამ პროცესში ეკლესიის ჩართვაც, მაგრამ აქ ერთი პრობლემა ჩნდება..
ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხარე აყენებს პირობას სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ხოლო მეორე მხარე კი მას ასამართლებს. კობახიძეს უნდა, რომ საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იქნება ძალიან რთული“,-აცხადებს შარაშენიძე.
„ფორტუნას“ კითხვაზე – რა უნდა იყოს შერიგებისთვის მთავარი საკითხი და როგორ შეიძლება წარიმართოს ეროვნული თანხმობის პროცესი? ექსპერტი ამბობს, რომ პირველ რიგში საჭიროა შეხვედრა და „წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასება“.
მისი განცხადებით, მას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია და სურს, რომ დაეხმაროს ქვეყანას დაიწყოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რადგან ყველა დარგი პოლარიზებულია.
ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ [შერიგების] ეს პროცესი დავიწყო: სალომე ზურაბიშვილი
„რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს არის პირველი ნაბიჯის პირველი ნაბიჯი. ამას თუ არ მოჰყვა კონკრეტული ქმედებები, თუნდაც სამუშაო ჯგუფების შექმნა და კონკრეტული აქტივობების დასახვა, ეს პროცესი დარჩება მხოლოდ პირველ ნაბიჯად.
ყველაფერი უნდა დაიწყოს იმით, რომ უნდა შეთანხმდნენ შეხვედრაზე და წარსულის უმნიშვნელოვანესი მომენტების შეფასებაზე და ამის შემდეგ უნდა ილაპარაკონ შერიგებაზე. უფრო მეტი კონკრეტული ფორმატების შექმნაა საჭირო.
თუმცა, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია თითქმის გამიჯნულია პროცესს, არ ვიცი როგორ შეიძლება წავიდეს შერიგების პროცესი. სააკაშვილის ბოლო მიმართვა (21 დეკემბერს, აქციაზე მისვლის მოწოდება) გამიზნულია იმისკენ, რომ დაანახოს თავისი ძალა სახელისუფლებო პარტიას“,-აცხადებს შარაშენიძე.
სავარაუდო სცენარზე საუბრისას ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია მოვლენები ისე განვითარდეს, რომ შერიგების პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნოს.
„უმეტესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა, მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. მმართველი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ სააკაშვილი გატეხოს ფსიქოლოგიურად და მორალურად. თუ ამ თამაშში “ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს პირობებს, ბოლოს მოუწევს უკან დახევა.
სააკაშვილს ასე მარტივად ციხიდან არ გამოუშვებენ და ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს პირობის უკან წაღება, ან მოუწევს გამიჯვნა შერიგების პროცესიდან. ამით მმართველი პარტია ხელს დაიბანს და იტყვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შერიგების პროცესი ჩაშალა“,-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
მადლობა პრეზიდენტს – ნიკა მელიამ ზურაბიშვილის მიპატიჟება არ მიიღო